პირველი მაისიდან წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისთვის დამსაქმებელს ჯარიმა დაეკისრება - საპენსიო ფონდი
საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება სრულდება საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენით, რისთვისაც საჭიროა დამსაქმებელმა საპენსიო ფონდის ნომინალურ მფლობელების ანგარიშზე, არაუგვიანეს დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღის 24:00 საათამდე უზრუნველყოს შესაბამისი მოცულობის თანხის ჩარიცხვა/გადარიცხვა.
„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში, დამსაქმებელს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა და საურავი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა.
აქედან გამომდინარე, საპენსიო ფონდი გთხოვთ, ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ დეკლარირების დროულობას, სიზუსტეს და შესაბამისი საბალანსო თანხის არსებობას არაუგვიანეს დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღის 24:00 საათამდე.
საბალანსო თანხის მესამე პირის მიერ ჩარიცხვისას გადაამოწმეთ არის თუ არა ასახული ჩარიცხული თანხა საბალანსო თანხაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სხვა სიახლეები
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა უმნიშვნელოვანესია როგორც ხალხთაშორისი კავშირის, ასევე ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით l თამარ იოსელიანი
19.05.2026.20:11
ბაქოსთან ყოველდღიური სარკინიგზო კავშირის აღდგენა უმნიშვნელოვანესია, რათა ჩვენმა მოსახლეობამ სერვისით სრულფასოვნად ისარგებლოს, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე მთლიანად რეგიონში დაკავშირებადობის გაძლიერებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა. მისი თქმით, ბაქოსა და თბილისს შორის 6 წლიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.
„გუშინ ნამდვილად ისტორიული დღე გვქონდა - უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ჩვენს მოქალაქეებს და შესაბამისად, ვიზიტორებს ექნებათ შესაძლებლობა იმოგზაურონ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მატარებლებით. ყოველდღიურად ბაქო-თბილისის მიმართულებით შესრულდება რეისები, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ხალხთაშორისი კავშირის, ასევე ტურიზმის და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.