პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრს, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრს, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანს შეხვდა.
შეხვედრისას აღინიშნა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა და სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, ბიზნესის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებზე, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობაზე ორიენტირებულ პროექტებსა და მზარდ საექსპორტო პოტენციალზე.
ხაზი გაესვა თბილისის მშრალი პორტის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც აბუ დაბის პორტების ჯგუფის ინვესტიციით ხორციელდება და აღინიშნა მისი როლი შუა დერეფნის განვითარებაში. საუბარი ასევე შეეხო უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას, რომლის შედეგად, საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები განხორციელდება.
შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, რომლის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ სხვადასხვა სექტორში ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826