პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გააძლიერებს არსებულ ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც იქნება ღირებული ებრაელი და ქართველი ხალხისთვის - ილია დარჩიაშვილი
უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ისრაელის სახელმწიფოში. ჩვენ ორ ქვეყანას შორის, ორ ხალხს შორის გვაქვს განსაკუთრებულად გამორჩეული ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, ეს ვიზიტი აუცილებლად მოიტანს ახალ იმპულსს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.
„შეხვედრის დროს განხილული იყო ძალიან ფართო სპექტრი თანამშრომლობის, ის მიმართულებები, რომლებიც კიდევ უფრო უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით.
ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებულად იქნა ხაზგასმული ჩვენს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების და გაღრმავების აუცილებლობა. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2024 წელს უკვე დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორ ქვეყანას შორის, რომელიც გააძლიერებს თანამშრომლობას ამ მიმართულებით.
ზოგადად, უნდა აღვნიშნო, რომ ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი, დროული იყო და დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გააძლიერებს და გააღრმავებს იმ უკვე არსებულ ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც იქნება ღირებული ებრაელი და ქართველი ხალხისთვის", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826