პროექტს „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ (VET) სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს
პროექტის განხორციელების ახალი ფაზის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, გაეროს განვითარების პროგრამის “პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში’’ მენეჯერი ელენე ცხაკაია და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის პროექტის კოორდინატორი თეიმურაზ ხომერიკი ესწრებოდნენ.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ (VET) ორი ფაზა უკვე განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, რომლის ფარგლებშიც, ჩვენმა ექსტენციის სამსახურებმა მნიშვნელოვანი ტექნიკური მხარდაჭერა მიიღეს. მესამე ფაზის განმახორციელებელი უშუალოდ სოფლის განვითარების სააგენტო იქნება. ეს არის საკმაოდ კომპლექსური პროექტი, რომელიც მოიცავს როგორც ექსტენციის თანამშრომლების გადამზადებას, ასევე ფერმერებისთვის საუკეთესო თანამედროვე პრაქტიკის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას და იმ თანამედროვე მიდგომების პოპულარიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მაღალპროდუქტიულობასა და ხარისხის გაუმჯობესებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ.
პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ მიზანია სასოფლო-სამეურნეო საექსტენციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ინოვაციური და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციზე ხელმისაწვდომის ზრდას და ციფრული ექსტენციის სერვისების დანერგვას. კონფერენციის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. უწყებებს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს სოფლის განვითარების სააგენტოს შესაბამისი სამსახურების გამოცდილების გაზიარებას აჭარის რესპუბლიკაში მცხოვრები ფერმერებისათვის საექსტენციო მომსახურების გაძლიერების მიზნით.
მემორანდუმს ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ მოაწერეს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826