პროექტის დადასტურების შემთხვევაში, EBRD-ის $19.6 მილიონიანი დაფინანსებით რა შეიცვლება საქართელოს ენერგეტიკის სექტორში - მსჯელობა დღეს გაიმართება
EBRD საქართველოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის $19.6 მილიონის დაფინანსების გამოყოფას გეგმავს. დაფინანსება საქართველოს უმსხვილესი მასშტაბის მზის ელექტროსადგურის განვითარებას მოხმარდება, რაც ქვეყნის განახლებადი ენერგიის გენერაციის სიმძლავრეს გაზრდის.
პროექტი მოიცავს 40.6 მეგავატი სიმძლავრის ახალი მზის ფოტოელექტრული (PV) სადგურის მშენებლობის დაფინანსებას, ასევე ადგილობრივი ბანკიდან მანამდე მოზიდული ხიდური დაფინანსების რეფინანსირებას ხუთი უკვე მოქმედი მზის ფოტოელექტრული სადგურისთვის, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 12.2 მეგავატს შეადგენს. აღნიშნული დაფინანსება EBRD-ის მიერ კომპანიების - შპს „კახეთის მზის“, შპს „მზის ველის“, შპს „ველის“ და შპს „ალაზნის მზის“ სასარგებლოდ შეიძლება მიიმართოს სესხის გამოყოფას სახით. აღნიშნული კომპანიები საქართველოში 52.8 მეგავატი ჯამური სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების (SPP) მშენებლობისა და განვითარების მიზნით არიან დაფუძნებული.
პროექტთან დაკავშირებით, Business Insider Georgia-მ ექსკლუზიურად კითხვით EBRD-ს მიმართა, რომლის საპასუხოდაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) მიღებული ვადებით პროექტთან დაკავშირებით დირექტორთა საბჭოს მიერ მისი განხილვის სავარაუდო თარიღია 2026 წლის 9 სექტემბერი.
,,პროექტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, დამტკიცების შემთხვევაში, პროექტის ფარგლებში საქართველოში აშენდება ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი კომერციული დანიშნულების მზის ელექტროსადგური (Utility-scale solar power plant). დაფინანსება მოიცავს 40.6 მგვტ სიმძლავრის ახალი (Greenfield) მზის ფოტოელექტრული (PV) სადგურის მშენებლობას, ასევე უკვე მოქმედი ხუთი მზის ელექტროსადგურის (ჯამური სიმძლავრით 12.2 მგვტ) რეფინანსირებას.
პორტფელი, მთლიანობაში, წლიურად დაახლოებით 70.6 გიგავატსაათ (GWh) ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 16,333 ტონა CO₂-ის ემისიის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. ამასთან, პროექტი შეავსებს საქართველოს არსებულ ჰიდროენერგეტიკულ გენერაციას.
პროექტი შეესაბამება EBRD-ის ენერგეტიკის სექტორის სტრატეგიას და საქართველოსთვის განსაზღვრულ ქვეყნის სტრატეგიას, რომლებიც ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციასა და სექტორში კერძო სექტორის მონაწილეობის გაძლიერებას ითვალისწინებს. EBRD-ის დამატებითი ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ ბანკი უზრუნველყოფს გრძელვადიან, პროექტის დაფინანსების (Project finance) პრინციპზე დაფუძნებულ ფინანსურ რესურსს, ისეთი პირობებით, რომლებიც ამჟამად ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომი არ არის”, - აღნიშნავს EBRD Business Insider Georgia-ს კითხვის საპასუხოდ.
სხვა სიახლეები
მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია მიზნობრივ დონეს აღემატება, მნიშვნელოვანია, თუ საიდან მოდის ეს ინფლაციური წნეხი. ამ ეტაპზე ის ძირითადად მიწოდების მხრიდან მომდინარე ფაქტორებით არის განპირობებული - ლაშა ქავთარაძე
09.09.2026.13:24
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ის დონეზე შეენარჩუნებინა, ჩვენს მოლოდინთან თანხვედრაშია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას Galt & Taggart-ის მთავარმა ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია მიზნობრივ დონეს მნიშვნელოვნად აღემატება, მიმდინარე ინფლაციური წნეხის ძირითადი წყარო კვლავ მიწოდების მხარესაა, რაც მონეტარული პოლიტიკის მხრიდან შედარებით ფრთხილ მიდგომას განაპირობებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია მიზნობრივ დონეს აღემატება, მნიშვნელოვანია, თუ საიდან მოდის ეს ინფლაციური წნეხი. ამ ეტაპზე ის ძირითადად მიწოდების მხრიდან მომდინარე ფაქტორებით არის განპირობებული.
ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ხელახალი გამწვავების ფონზე, სექტემბრის დასაწყისში Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 90 დოლარსაც კი გადააჭარბა. ეს, ბუნებრივია, იმპორტირებული ინფლაციის არხით დამატებით ზეწოლას ახდენს საქართველოში ფასების საერთო დონეზე.
ამასთან, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ მიწოდების შოკის გავლენა ინფლაციის შედარებით ხისტ კომპონენტებზე ჯერ კიდევ ზომიერია. კერძოდ, აგვისტოში წლიურმა საბაზო ინფლაციამ 3.6%, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 4.4% შეადგინა, რაც მთლიან ინფლაციაზე, 5.6%-ზე, დაბალი მაჩვენებელია.
ეს მიუთითებს, რომ, მიუხედავად მიწოდების მხრიდან არსებული შოკებისა, მათი გავლენა ინფლაციურ მოლოდინებზე და, შესაბამისად, მეორე რაუნდის ეფექტებზე, ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად არ გაძლიერებულა. თუმცა, შოკის გახანგრძლივების შემთხვევაში, სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი რისკი, რომელსაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებისას ყურადღება უნდა მიექცეს.
სწორედ არსებული ფაქტობრივი მონაცემებისა და ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ფრთხილ მიდგომას ინარჩუნებს და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ის დონეზე შეინარჩუნა“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
მისი შეფასებით, მომდევნო პერიოდში მონეტარული პოლიტიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება როგორც გეოპოლიტიკური ესკალაციის ხანგრძლივობა, ისე მისი გავლენა საერთაშორისო ენერგო- და სასურსათო ფასებზე.
„შემდგომში მხედველობაში მისაღები იქნება, რამდენ ხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში განახლებული ესკალაცია და რამდენად ძლიერად აისახება ის საერთაშორისო ენერგო- და სასურსათო ფასებზე. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რამდენად გადაეცემა მიწოდების მხრიდან მომდინარე შოკი ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ფასებს და ინფლაციურ მოლოდინებს.
მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ასევე ფედერალური სარეზერვო სისტემის მომავალი გადაწყვეტილებები. თუ აშშ-ის მონეტარული პოლიტიკა უფრო გამკაცრების მიმართულებით წავიდა, განვითარებად ბაზრებზე კაპიტალის ნაკადებისა და სავალუტო კურსების არხით შესაძლოა დამატებით აქტუალური გახდეს დოლარსა და ლარში საპროცენტო განაკვეთებს შორის არსებული დიფერენციალი და მისი გავლენა ლარში დენომინირებული აქტივების მიმზიდველობაზე“, - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.