პროფესიული განათლების დაფინანსება ადამიანებსა და ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიციაა - ვაკო თურნავა
პროფესიული განათლების დაფინანსება ადამიანებსა და ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიციაა, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვაკო თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ეს ყველაფერი პროცესია, როგორც ხედავთ, და ეს არის ისეთი პროცესი, სადაც ჩვენი მთავრობა ზუსტად ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება იმ სტრატეგიას, რაც გაცხადებული გვაქვს IT სექტორში.
ჩვენ საქართველოში გვყავს საერთაშორისო IT კომპანიები. რატომ შემოვიდნენ? იმიტომ, რომ ჩვენ დავაანონსეთ და დღეს საქართველოში მუშაობენ საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიები, რომლებიც თითქმის მხოლოდ 5%-ით იბეგრებიან. შესაბამისად, ეს არის ძალიან მიმზიდველი. ძალიან ბევრი IT კომპანია ამის გამო ჩამოვიდა.
ერთ-ერთი შემდეგი ნაბიჯი იყო სამწლიანი ცხოვრების უფლება, რაც კიდევ უფრო აძლევს საშუალებას უცხოელებს, უცხოელ სპეციალისტებს, საქართველოში ჩამოვიდნენ, აქედან იმუშაონ და სპილოვერის ეფექტი მისცენ ჩვენს მოქალაქეებს, ანუ ასწავლონ ჩვენს მოქალაქეებს.
ასევე ბევრი ინიციატივაა იმისთვის, რომ განათლებაში ძალიან ბევრი თანხა იდება, რასაც თუნდაც ეს კოლეჯები განაპირობებს. სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს ყველა კოლეჯში, არამარტო Skillwill-ში. ყველა კოლეჯში, სადაც ადამიანი მოისურვებს, მოქალაქე მოისურვებს, რომ ისწავლოს, სახელმწიფო გვერდში უდგას და აფინანსებს ამას. ეს არის ინვესტიცია ადამიანებში, ინვესტიცია ჩვენს მომავალში. ამიტომ ეს აუცილებლად გაგრძელდება.
ჩემთვის შედეგი არის ის, რომ ადამიანს, როდესაც შეეძლება საკუთარ ქალაქში ისწავლოს პროფესია და შემდეგ იქიდან იმუშაოს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კომპანიებში, უკვე ეს პროცესი მიდის და ეს არის სწორი მიმართულება. ასე დავინახავთ, სწორად მივდივართ თუ არა.
მე, როდესაც ვხედავ, რომ ერთ-ერთ კომპანიას, მაგალითად, 4 000 პროგრამისტი ჰყავს დასაქმებული, მეორე კომპანიას 1 000 პროგრამისტი ჰყავს დასაქმებული, რაც უფრო მეტი ადამიანი ისწავლის ამ პროფესიას, კიდევ უფრო მეტი დასაქმდება, ვინაიდან მოთხოვნა არის ძალიან დიდი. ეს არის საერთაშორისო მოთხოვნა და არა მარტო საქართველოში. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ცხოვრობ, კარგი ინტერნეტი თუ გაქვს, შეგიძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმუშაო. ამიტომ ჩვენ, ქართველები და არამარტო ქართველები, საქართველოდან ვეჯიბრებით სხვა ქვეყნებს“, - აცხადებს ვაკო თურნავა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826