პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 700 ახალი საწარმო შეიქმნა - ლევან დავითაშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 700 ახალი საწარმო შეიქმნა, ხოლო 800 საწარმო გაფართოვდა და გადაიარაღდა.
მისი თქმით, სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის მეშვეობით 2 600-ზე მეტი ბიზნესპროექტის განხორციელების მხარდაჭერა მოხდა, რომელთა ჯამურმა საინვესტიციო მოცულობამ 4,4 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო აღნიშნული პროექტების ფარგლებში 43 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. ამ საკითხებზე მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ისაუბრა.
„ამავე პროგრამის მიკროგრანტების კომპონენტის ფარგლებში, ჯამურად, 9 349 პროექტზე 115 მილიონი ლარის გრანტი გაიცა. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტებიდან 4 657 სტარტაპი იყო. რაც შეეხება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის პროგრამას, 880 მილიონი ლარის ჯამური მოცულობის 1 200-მდე პროექტი განხორციელდა, რომელთა ფარგლებში 16 000-მდე ადამიანი დასაქმდა“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მათზე საუბრისას მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა მთავარ პრიორიტეტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყანაში კერძო სექტორის განვითარებისა და სამეწარმეო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის.
„წარმოების ხელშეწყობის და განვითარების მიზნით, შემდგომ წლებში გაფართოვდება ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, ტრადიციულ მხარდაჭერის მექანიზმებთან ერთად. ჯამურად „აწარმოე საქართველოს“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი პროგრამებით ისარგებლებს 11 000-მდე მეწარმე სუბიექტი, აქედან შეიქმნება 5 000-მდე ახალი მეწარმე სუბიექტი. მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში შეიქმნება 70 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსება წლიდან წლამდე გაიზრდება და მომდევნო 4 წელიწადში ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების ჯამური დაფინანსება 1,5 მილიარდ ლარს გადააჭარბებს“ - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.
მისივე განცხადებით, სრული მასშტაბით ამოქმედდება მიკროსესხების ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებში, 2024-2028 წლებში 6 000-მდე მეწარმე ისარგებლებს. ლევან დავითაშვილის თქმით, ქვეყანაში ასევე სრულად ამოქმედდება რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების ქსელი, რომლის მეშვეობითაც ისარგებლებს დაახლოებით 12 000-მდე მეწარმე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826