პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა 1 279 მეწარმე სუბიექტი, საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 303 კომპანიის 345 პროექტი, ამ ყველაფრის შედეგად შეიქმნება 1 900 ახალი სამუშაო ადგილი l პრემიერი
ძალიან მნიშვნელოვანია ის პროგრამები, რომლებიც არის განკუთვნილი მეწარმეობის მხარდაჭერისთვის, პირველ რიგში "აწარმოე საქართველოში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა 1 279 მეწარმე სუბიექტი.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა. აქ დაფინანსდა 303 კომპანიის 345 პროექტი. ამ ყველაფრის შედეგად შეიქმნება 1 900 ახალი სამუშაო ადგილი.
"აწარმოე საქართველოს" ინდუსტრიული ნაწილი - აქ დაფინანსდა 467 კომპანიის 543 პროექტი. ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენდა 824 მილიონ ლარს, შეიქმნება 4 000 სამუშაო ადგილი. მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამით 31 მილიონი ლარის 686 სესხი გაიცა. აქტიურად ვმუშაობთ ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით და აქ ხაზს გავუსვამ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტს, რომელიც ძალიან აქტიურად ხორციელდება და ძალიან მალე შეიქმნება ეს ჰაბი ძალიან მნიშვნელოვან ქალაქში, ქუთაისში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
სტარტაპ-ეკოსისტემასთან ერთად სისტემატურად ვმონაწილეობთ წამყვან საერთაშორისო კონფერენციებსა და გამოფენებში - ავთანდილ კასრაძე
26.06.2026.14:40
GITA-ს მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე წლიდან ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი ოპერირებს, რომელთა მთავარი მიზანი ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზრებზე გასვლაა. GITA-ს თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძის ემ განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების ქსელისა და წამყვან ტექნოლოგიურ გამოფენებში მონაწილეობის პარალელურად, წელს სააგენტო სტარტაპებისთვის ახალ მიმართულებას - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზარსაც ხსნის და ამ მიზნით სინგაპურში აქტიურობას გეგმავს.
„ასეთ გიგანტებთან მუშაობა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია იმისთვის, რომ ჩვენი სტარტაპები გლობალური ქსელის ნაწილად იქცნენ. გარდა ამისა, წლევანდელი წლიდან საქართველოში უკვე გვყავს ოთხი საერთაშორისო ტოპ-აქსელერატორი. მათი პროექტების დიზაინი იმგვარად არის შემუშავებული, რომ ხელი შეუწყოს ჩვენი სტარტაპების ინტერნაციონალიზაციასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას.
ამ ოთხივე აქსელერატორს უამრავი პარტნიორული ქსელი აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ წინასწარ სწორად განვსაზღვრეთ სტრატეგია, ვინაიდან ზოგიერთი სტარტაპის სამიზნე მიმართულება შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები იყოს, სხვებისთვის კი - ცენტრალური აზია, ევროპული, აზიური თუ აფრიკული ბაზრები. ამ აქსელერატორებთან ერთად ჩვენ დაბალანსებულად შევძელით და ეს გლობალური ნეთვორქი საქართველოში უკვე შემოვიტანეთ.
გარდა ამისა, ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემასთან ერთად სისტემატურად ვმონაწილეობთ წამყვან საერთაშორისო ინოვაციურ კონფერენციებსა და გამოფენებში. მათ შორისაა Web Summit-ი პორტუგალიაში, CES-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში და დუბაის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური გამოფენა. წელს ამ სიას უკვე სინგაპურსაც ვამატებთ, რათა სტარტაპებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი გაფართოების შესაძლებლობა მივცეთ. ეს ყველაფერი ერთობლიობაში უზრუნველყოფს იმას, რომ კომპანიებს მინიმალური დანახარჯები ჰქონდეთ პირველი ნაბიჯების გადასადგმელად, ბაზარზე ტესტირების გასავლელად და შემდგომში ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემაში დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად“, - განაცხადა კასრაძემ.