ქარისა და მზის გენერაცია წლიურად 55.8%-ით გაიზარდა - Galt & Taggart
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - მაისი 2026”-ს აქვეყნებს. ანგარიშში განხილულია სექტორის ძირითადი ტენდენციები, გამოწვევები და შესალებლობები.
,,2026 წლის მაისში, ადგილობრივი მოხმარება წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა, ხოლო ექსპორტი 73.1%-ით შემცირდა 0.05 ტვტ.სთ-მდე. შედეგად, ჯამურმა მოთხოვნამ 8.6%-ით იკლო 1.2 ტვტ.სთ-მდე.
მაისი ისტორიულად საექსპორტო თვეა, რაც ჰიდროსადგურების სეზონურობითაა გამოწვეული. 2026 წლის მაისში, მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის დასაცავად, ელექტროსისტემამ შეზღუდა ელექტროსადგურების მუშაობა, რის გამოც ადგილობრივმა გენერაციამ წლიურად 9.5%-ით იკლო.
ექსპორტის მკვეთრი კლება თურქეთის ბაზარზე ფასების ისტორიულ მინიმუმამდე - საშუალოდ 1.8 აშშ ცენტ/კვტ.სთ-მდე - შემცირებამ განაპირობა, რაც ხელსაყრელ ჰიდროლოგიურ პირობებსა და მზის გენერაციის ზრდას უკავშირდება. თურქეთში მზის სიმძლავრეების ზრდამ შესაძლოა ზაფხულის ფასებზე ზეწოლა მომავალშიც შეინარჩუნოს, თუმცა ეფექტი ბაზრისა და ჰიდროლოგიურ პირობებზეც იქნება დამოკიდებული.
2026 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 6.1%-ით გაიზარდა და 6.2 ტვტ.სთ შეადგინა. იმპორტისა და თბოგენერაციის წილი ჯამურ მიწოდებაში 36.3% შეადგენდა (vs 31.1% 2025 წლის 5 თვეში). გაზრდილი იმპორტ-დამოკიდებულება იანვარ-აპრილში და შემცირებული ექსპორტი მაისში საქართველოს სეზონურ გამოწვევებს უსვამს ხაზს.
მთლიანობაში, 2026 წლის მონაცემები მიუთითებს ისეთი გენერაციის ობიექტების განვითარების საჭიროებაზე, რომლებიც პასუხობენ საქართველოს სეზონურ გამოწვევებს, მაგალითად რეზერვუარიანი ჰიდროსადგურებისა და ქარის სადგურების. ამასთან, მონაცემები ხაზს უსვამს ენერგიის დამაგროვებლებისა და საექსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას”, - წერს Galt & Taggart-ი.
სხვა სიახლეები
ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს - ნავსადგურის საზღვაო აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის რიგით მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა l ზურაბ სიჭინავა
01.09.2026.12:39
„ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნავსადგურის საზღვაო აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის რიგით მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა" - აცხადებს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორი ზურაბ სიჭინავა.
პორტის ტერიტორიაზე ფსკერის დაღრმავების სამუშაოებს Jan De Nul ჯგუფის ფლოტის ორი გემი - Al-Idrisi და Tristao Da Cunha ერთად განახორციელებენ.
„ერთი თვის წინ შემოვიდა Tristao Da Cunha - ესეც Jan De Nul ჯგუფის დამღრმავებელი გემია, რომელმაც დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის ტალღმტეხელის ძირში დაღრმავებითი სამუშაოების განხორციელება უზრუნველყო, ახლა კი გადაინაცვლა ანაკლიის შემოსასვლელი არხის და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავებითი სამუშაოების განსახორციელებლად. Al-Idrisi და Tristao Da Cunha სამუშაოებს ერთობლივად ახორციელებენ, რის შედეგადაც ანაკლიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება", - აცხადებს ზურაბ სიჭინავა.
მისივე განმარტებით, პარალელურად, ხმელეთის მხარეს ტალღმტეხელის ტანის მშენებლობა მიმდინარეობს.
„საბოლოოდ, 1376 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელი აშენდება. ტალღმტეხელი და ზღვის ფსკერი, რომელიც დაღრმავებული იქნება 17,5 მეტრამდე, იძლევა შესაძლებლობას, მივიღოთ შავ ზღვაში მცურავი ყველაზე მძიმე ტვირთამწეობის გემები. სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით დასრულდება" - აღნიშნა „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორმა.
მისივე თქმით, სახელმწიფომ ანაკლიის პორტის განვითარება "ლენდლორდის" მოდელით გადაწყვიტა, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ფლობს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო პარტნიორები ავითარებენ ხმელეთის მხარეს.