ქართველების მიერ საზღვარგარეთ შოპინგზე გაწეული ხარჯები მზარდია - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი
ქართველების მიერ საზღვარგარეთ შოპინგზე გაწეული ხარჯები მზარდია და 2025 წელს 3.8 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც ძირითადად ტანსაცმელსა და აქსესუარებზე ნაწილდება. ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმრობისას Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსმა ზუკა თავყელიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია პრემიუმ და ლუქს ბრენდებზე, თუმცა საქართველოში ამ სეგმენტის მიწოდება ჯერ კიდევ შეზღუდულია, რაც ბაზარზე გაფართოების პოტენციალს ქმნის.
„პირველ რიგში, ამ ყველაფერს, გამოწვევის ნაცვლად, უფრო შესაძლებლობას დავარქმევდი, რაც სცილდება იმის ფარგლებს, რაც მხოლოდ თბილისში ხდება. ჩვენ შევხედეთ, თუ სად იხარჯება საქართველოდან შოპინგზე თანხა საზღვარგარეთ. ამისთვის ორი ძირითადი მიმართულება ავიღეთ: პირველი - საერთაშორისო ელექტრონული კომერცია, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება, ხოლო მეორე, ფიზიკური ვაჭრობა უცხო ქვეყნებში, ანუ როდესაც ვმოგზაურობთ და ამ დროს ვშოპინგობთ. ბოლო სამი წლის მონაცემებით, ეს ხარჯები მზარდია და 2025 წელს 3.8 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან, სექტორების მიხედვით, ყველაზე დიდი წილი ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მოდიოდა.
დავინტერესდით, თუ კონკრეტულად რა ბრენდებსა და მაღაზიებში შოპინგობენ ქართველები საქართველოს გარეთ და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ვნახეთ, რომ ამ მაღაზიების ნახევარი ლუქს და პრემიუმ ტიპის ბრენდები იყო, რომელთა უდიდესი ნაწილი საქართველოში, უბრალოდ, არ არის წარმოდგენილი. ადგილობრივ მოლებშიც შევხედეთ მონაცემებს და მათი წილი დაქირავებულ ფართობში მინიმალური აღმოჩნდა. შესაბამისად, ერთ-ერთი ძირითადი მიგნება ის არის, რომ პრემიუმ და ლუქს ბრენდებზე საქართველოდან მოთხოვნა საკმაოდ დიდია, თუმცა, მეორე მხრივ, მიწოდება ამას ჯერჯერობით ვერ პასუხობს. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით სამომავლოდ გაფართოების დიდი პოტენციალი არსებობს“, - აცხადებს Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი.
შეგახსენებთ, რომ Galt & Taggart-მა კვლევა „სავაჭრო უძრავი ქონება თბილისში“ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2025 წელს, თბილისის ძირითადი სავაჭრო უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 1.3 მლნ კვ.მ შეადგინა, საიდანაც 58% ბაზრობებზე, 33% მოლებზე, ხოლო 9% ცენტრალურ სავაჭრო ქუჩებზე მოდის. ეს ფორმატები სხვადასხვა მოთხოვნას ემსახურება: მოლები - ბრენდირებულ და ტრაფიკზე დამოკიდებულ ვაჭრობას, ცენტრალური ქუჩები - პრემიუმ და ტურისტულ სეგმენტს, ბაზრობები კი ფასზე ორიენტირებულ მომხმარებელს.
„2025 წელს მოლების გასაქირავებელი ფართობი 430 ათასი კვ.მ იყო, ხოლო დაგეგმილი პროექტების ფონზე, იმ შემთხვევაში თუ ყველა განხორციელდება, 2030 წლამდე დამატებით 140 ათასი კვ.მ-ის მიწოდებაა მოსალოდნელი. მიუხედავად ზრდისა, ჭარბი მიწოდების რისკი ბაზარზე ჯერ არ იკვეთება. საცალო ვაჭრობის ბრუნვა 2019-25 წლებში გაორმაგდა, ელ-კომერციის წილი კი ჯერ მცირეა და ფიზიკურ ფორმატებზე მნიშვნელოვან ზეწოლას არ ქმნის.
მოლებში ვაკანტურობა 2025-ში 6.6% იყო, ქირები კი ბოლო წლებში სწრაფად გაიზარდა. 2026-30 წლებში ახალი მიწოდების ფონზე ქირის ზრდა დასტაბილურდება.
მოლებისთვის მთავარი შესაძლებლობა ლუქს სეგმენტის განვითარებაა, რადგან ქართველების საზღვარგარეთ დანახარჯების დიდი ნაწილი სწორედ ლუქს ბრენდის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მოდის, მაშინ როცა ქართულ მოლებში ასეთი ბრენდების წილი მცირეა“, - განმარტებულია Galt & Taggart-მა კვლევაში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826