ყაზახეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსთვის, შესაბამისად, პრემიერის ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ქვეყნებს შორის ეს ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება - ლევან დავითაშვილი
ყაზახეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსთვის, შესაბამისად, პრემიერის ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ქვეყნებს შორის ეს ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყაზახეთში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წელს სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 922 მლნ დოლარს შეადგენდა, შესაბამისად, მზარდია საქართველოდან ექსპორტი და რეექსპორტი და ყაზახეთთან ურთიერთობა ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია.
„ყაზახეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსთვის, შესაბამისად, ამ ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება ქვეყნებს შორის, გვექნება ასევე ხელმოწერა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ ხელშეკრულების, რაც მნიშვნელოვანია, რომ განვაახლოთ. 1997 წლიდან ჩვენ არ გაგვიახლებია ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის ფორმალური ფორმატი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმ დინამიური რეალობის გათვალისწინებით, რომელიც თანამედროვე სამყაროში ამ მიმართულებით არსებობს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 922 მლნ დოლარს შეადგენდა. მზარდია საქართველოდან ექსპორტი და რეექსპორტი, ასე, რომ ყაზახეთთან ურთიერთობა ჩვენთვის ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყაზახეთი არის ასევე ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო. 2024 წელს გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყაზახეთიდან. ჩვენ მომავალში ველოდებით ამ ინვესტიციების ზრდას, როგორც მიმდინარე წელს, ასევე განსაკუთრებით უკვე 2026 წლიდან. რამდენიმე მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი განიხილება, განსაკუთრებით, ენერგეტიკის სფეროში. ასევ ჩვენ გვექნება საუბარი ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობაზე. ტრანსპორტი ერთ-ერთი მიმართულებაა, სადაც მჭიდეო თანამშრომლობა აქვს ორ ქვეყანას, განსაკუთრებით, სარკინიგზო გადაზიდვების მიმართულებით. 2024 წელი აქაც გამორჩეული იყო, იმიტომ, რომ პირველი მულტიმოდალური მატარებლები ყაზახეთის გავლით ჩინეთიდან დაიძრა საქართველოს მიმართულებით. შუა დერეფნის როლი ბოლო წლებში კიდევ უფრო იზრდება. ამ კუთხით, ჩვენ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. შევქმენით ერთობლივი საწარმო ყაზახეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის რკინიგზების მიერ და ეს გაამარტივებს სატვირთო გადაზიდვებს. ასევე ტურიზმი უნდა აღინიშნოს, ყაზახეთი მეექვსე ადგილზეა, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული პარტნიორი ქვეყანა. 200 000-მდე ტურისტი ეწვია საქართველოს ყაზახეთიდან და მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826