ყაზახეთი საქართველოში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტს ზრდის
ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
„ჩვენ დაინტერესებულები ვართ საქართველოში აგროპროდუქციის ექსპორტის ზრდით და ორმხრივი თანამშრომლობით. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ვიზიტი საქართველოში და შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან“, - განაცხადა ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა აიდარბეკ საფაროვმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „კაზინფორმთან” მიცემულ ინტერვიუში, სადაც საქართველოს მხარესთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყაზახეთი გეგმავს საქართველოში საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტი და ექსპორტის მოცულობა გაზარდოს.
„2024 წელს საქართველოში ყაზახური აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 12,3%-ით გაიზარდა და მისმა ღირებულებამ 71 მლნ დოლარი შეადგინა. 2024 წელს მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდა ორ ქვეყანას შორის, მათ შორის, დაიწყო ვეტერინარული სერტიფიკატების გაცემა, რომელიც ხელს შეუწყობს ხორცპროდუქტების საქართველოში ექსპორტს“, - განაცხადა აიდარბეკ საფაროვმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826