ყაზახეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით 6 თვეში 700 000 ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი განახორციელა
2024 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მთავარი საექსპორტო მილსადენით 700 000 ტონაზე მეტი ყაზახური ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა, იუწყება KazMunayGaz-ი. კომპანიისვე ცნობით, KazMunayGaz-ის (KMG) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ასხატ ხასენოვი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტს როვშან ნაჯაფს შეხვდა.
„მხარეებმა თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყაზახეთის ნავთობის სტაბილურ მიწოდებას. 2023 წელს აქტაუს პორტიდან 1,057 მილიონი ტონა ნავთობი გაიგზავნა, ხოლო 2024 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 700 000 ტონაზე მეტი იყო,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ხასენოვმა აღნიშნა, რომ KazMunayGaz-ის მიზანია ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდა.
ამჟამად KazMunayGaz პარტნიორებთან ერთად სწავლობს ყაზახეთის ნავთობის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობებს ტრანსკასპიის მარშრუტზე. მან იმედი გამოთქვა, რომ ორი კომპანიის ერთობლივი ინიციატივები წარმატებით განხორციელდება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826