ყაზახეთში არის ინტერესი სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მათ შორის, ენერგეტიკის და სხვა სექტორებში - ირაკლი კობახიძე
ყაზახეთში ვიზიტი დასრულდა პრეზიდენტს ტოკაევთან შეხვედრით, იყო ძალიან საინტერესო საუბრები ყველა თემაზე, რაც უკავშირდება ორმხრივ ურთიერთობებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყახაზეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსთვის ყაზახეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი და ამასთან ერთად, არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორიც.
„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ისტორიული ფუნქცია და ეს ფუნქცია არის ევროპის და აზიის დაკავშირება ერთმანეთთან, აღმოსავლეთის და დასავლეთის დაკავშირება და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ყაზახეთთან თანამშრომლობას აქვს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა. შესაბამისად, საუბარი გვქონდა ყველა თემაზე, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე და ეკონომიკური თანამშრომლობის ძალიან ბევრ სხვადასხვა საკითხზე. რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ინტერესების შემდგომ დაახლოებას და ძალიან კონკრეტული პროექტების განხორციელებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ყაზახი ინვესტორების მუშაობა. საქართველოში არის არაერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ხორციელდება ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობით და არის კონკრეტული ინტერესი სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკის და სხვა სექტორებში. რა თქმა უნდა, ჩვენ შევქმნით ყველა პირობას იმისათვის, რომ მაქსიმალურად წარმატებული იყოს ასეთი ინიციატივები", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826