ყაზახეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა შუა დერეფნის მნიშვნელობას, ასევე გაზიარებული იქნა ის მიღწევები, რაც ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მოდერნიზაციას ეხება - ირაკლი ქარსელაძე
ყაზახეთში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია და შეხვედრებზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა შუა დერეფნის მნიშვნელობას, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, შეხვედრებზე გაზიარებული იქნა ბოლო მიღწევები და ის მიმართულებები, რაც ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მოდერნიზებას ეხება.
„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა შუა დერეფნის მნიშვნელობას. ბოლო მიღწევები იქნა გაზიარებული იმ მიმართულებით, რაც ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მოდერნიზაციას ეხება. ის ეფექტები, რომელიც უკვე სახეზეა, შესაბამისი დასრულებული პროექტებისა და მონაკვეთების სახით, ასევე ის გეგმა, რომელიც იმთავითვე ითვალისწინებდა მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთი დერეფნის სახით, როგორც ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას, ასევე მთელ რიგ ღონისძიებებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კოვიდის პერიოდის გათვალისწინებით და შემდგომში უკვე უკრაინის ომიდან გამომდინარე, დერეფანი მზად დახვდა გაზრდილ ტვირთბრუნვას, უფრო მეტიც რეალურად იმ უახლოესი გეგმების განხორციელების შედეგად, რამდენჯერმე იზრდება გამტარობა, რაც ცალსახად მიუთითებს დერეფნის მიმზიდველობის გაზრდასა და შესაბამისად, ტვირთნაკადების გაზრდას.
მნიშვნელოვანია ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც გეგმაშია, რადგანაც ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, რომელიც ამავდროულად არის საერთაშორისო მარშრუტების კრიტიკული მონაკვეთი. ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დადებითად შეფასდა და შემდგომში ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავება და ახალი პროექტების განხორციელება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს იმ დიდი პოტენციალის გამოყენებას, რასაც შუა დერეფანი, დაკავშირებადობის გაუმჯობესება და ყველა თანმდევი სარგებელი ჰქვია", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826