ყოფილი სანატორიუმი „წყალტუბო“ 2 600 000 ლარად გასხვისდა
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური საინვესტიციო პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, კურორტ წყალტუბოში, შოთა რუსთაველის ქუჩა N48-ში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „წყალტუბო“, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2 600 000 ლარად გაყიდა.
საპრივატიზებო პირობების მიხედვით, სანატორიუმის ახალმა მფლობელმა შპს“გოლდენ თაუერსმა“, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში ტერიტორიაზე მინიმუმ 100 ნომრიანი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა და კვების ობიექტები უნდა განათავსოს, რისთვისაც 7 800 000 ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.
აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს კურორტ წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის გაზრდას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
პროექტი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ითვალისწინებს წყალტუბოში უნიკალური თანამედროვე სპა-კურორტის შექმნას, სამედიცინო ტურიზმის ჩამოყალიბებას, ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას, ქალაქის ცენტრისა და საჯარო სივრცის რეაბილიტაციას, ქალაქის ცენტრის ურბანული სივრცის შექმნას.
კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს სექტროს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს. დღეის მდგომარეობით უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „მედეა“ და „წყალტუბო“.
გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 11,582,300 ლარი შეადგინა. დარჩენილი სანატორიუმების პრივატიზების პროცესი აქტიურად გრძელდება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826