ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა
მაისის წმინდა სავალუტო შემოდინებების მაჩვენებელი, აპრილთან შედარებით, გაიზარდა, რაც ძირითადად სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების შედეგი იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ უკვე სეზონური ფაქტორების გამორიცხვითაც, თიბისის არხებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე დაყრდნობით, 14 ივნისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით ტურისტულ შემოსავლებში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. თავისთავად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, გასული თვეების მსგავსად, ზრდა კვლავ მაღალია. მიგრაციის ეფექტისა და გზავნილების კუთხით, დინამიკა მოლოდინების შესაბამისია და რაიმე მნიშვნელოვანი გადახრა არ იკვეთება.
აღნიშნული, უფრო მეტი დამაჯერებლობით მიუთითებს ჩვენს ბოლოდროინდელ შეფასებაზე, რომ ლარის კურსზე ზეწოლა სენტიმენტებით იყო გამოწვეული, ვიდრე წმინდა სავალუტო შემოდინებების არასაკმარისი ოდენობით, რაც სავალუტო ბაზარზე იმოქმედებდა. ამ ფონზე, ვფიქრობთ, რომ ლარის კურსის ჩვენი დიდწილად ნეიტრალური მოლოდინის მხრივ, შედარებით უფრო გამყარების არგუმენტები გამოიკვეთა, ისევე როგორც, შეიძლება ითქვას, 2024 წლისათვის ეკონომიკური ზრდის 6.8%-იანი მაჩვენებლის კუთხითაც.
ამასთან, ასევე საყურადღებოა, რომ პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება დაფიქსირდა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი გასული წლის ამავე პერიოდში დამამუშავებელ მრეწველობაში განხორციელებულმა დიდი მოცულობის ტრანზაქციამ შეიტანა. ამავდროულად, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი წლიურად 13.2%-ით, ხოლო, შემცირებული ინფლაციის ფონზე, რეალურ გამოხატულებაში 12.9%-ით გაიზარდა.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:
სხვა სიახლეები
ივნისის თვეში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში" - თამარ იოსელიანი
08.07.2026.18:56
„ივნისის თვეში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.
ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის ივნისში, საქართველოს რკინიგზამ 1 361 484 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია.
„უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ნამდვილად თვალსაჩინოა ის შედეგები, რაც საქართველოს რკინიგზამ დანერგა. ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს გაუმჯობესება როგორც საოპერაციო ნაწილში, ასევე შესაბამის მაჩვენებლებში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის წარმატებული პროექტები, რომელიც წინა და მიმდინარე წლის განმავლობაში საოპერაციო ნაწილში განხორციელდა - გამოვყოფდი, რა თქმა უნდა, უღელტეხილის მოდერნიზაციის პროექტს, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დასრულდა და სრულ ოპერირებაში შევიდა უღელტეხილის ნაწილი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა, რაც ნამდვილად აძლიერებს რკინიგზის როლს, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტში" - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა შუა დერეფანში ტვირთნაკადის მზარდ დინამიკას. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებლები ფიქსირდება, ზოგადად, ტვირთების ზრდის კუთხით და აქ მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სწორედ საქართველოს რკინიგზის გამართულად მუშაობა.
„საქართველოს მთავრობას აქვს თანმიმდევრული გეგმა და ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი და ყველა მულტიმოდალური მიმართულება ერთმანეთთან თანხვედრაშია. რამდენიმე დღის წინ გამოვაცხადეთ გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე გვქონდა 10 წლიანი ხედვის წარდგენა საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ეს ორივე კომპონენტი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შუა დერეფანში ვართ სანდო პარტნიორი და მზად ვართ, ეფექტურად მოვემსახუროთ გაორმაგებულ ტვირთებს" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.