ყურის არაბულ ქვეყნებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაღრმავდა - ჯეისემ მოჰამედ ალ ბუდაივი
„აბრეშუმის გზის ფორუმის" მნიშვნელობის, საქართველოსა და ყურის არაბულ ქვეყნებთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ჯეისემ მოჰამედ ალ ბუდაივმა, რომელიც თბილისში მიმდინარე ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში „ვაჭრობა მომავლისთვის" მონაწილეობს.
ფორუმის ფარგლებში მიმდინარე დისკუსიაში ასევე მონაწილეობენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სერბეთის რესპუბლიკის შიგა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ტომისლავ მომიროვიჩი, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ასისტენტ-ადმინისტრატორი ელჩი ერინ ელიზაბთ მაკკი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის გენერალური მდივანი ელჩი ლაზარ კომანესკუ, არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის სახელმწიფო მინისტრი თანი ბინ აჰმედ ალ ზეიოუდი და ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯეისემ მოჰამედ ალ ბუდაივი.
პანელური დისკუსიის სპიკერები საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელოვან საკითხებს და ამ კუთხით ქვეყნების თანამშრომლობის მთავარ ასპექტებს განიხილავენ. როგორც პანელის მონაწილეებმა აღნიშნეს, „აბრეშუმის გზის ფორუმი" მნიშვნელოვანი პლატდფორმაა ამ საკითხების საერთაშორისო ფორმატში გასახილველად.
„ფორუმის ფარგლებში ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან საინტერესო საკითხებზე, აბრეშუმის გზა ძალიან მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურის 6 ქვეყნისთვის და ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, 2017 წელს ჩვენ გავაფორმეთ სამოქმედო გეგმა ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსა და საქართველოს შორის, რომლის შედეგადაც გაღრმავდა ურთიერთობები და გაფორმდა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. ჩვენ ვმუშაობთ ახალ სქემებზე, ახალ გეგმებზე, რომ რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს", - განაცხადა ჯეისემ მოჰამედ ალ ბუდაივმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826