ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ჩვენი რეგიონი მსოფლიოსთან კიდევ უფრო დააახლოვა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმერეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში - ლევან მოსეშვილი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 14 წლისთავისა და Wizz Air-ის ბაზის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა, აეროპორტის როლზე ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის განვითარებაში ისაუბრა.
მისი თქმით, აეროპორტის განვითარება მხოლოდ ავიაციის განვითარებას არ გულისხმობს და ის ქუთაისისა და მთლიანად იმერეთის განვითარების ნაწილია.
„აეროპორტი მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის, ეს ადამიანების დამაკავშირებელი სივრცეა, რადგან თითოეული მგზავრი ერთი კონკრეტული ისტორიაა. სწორედ ამიტომ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება მხოლოდ ავიაციის განვითარება არ არის. ეს არის ქუთაისისა და იმერეთის განვითარების ნაწილიც", - აღნიშნა მოსეშვილმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო მგზავრის მოგზაურობა აეროპორტში არ სრულდება და ის ქუთაისში, იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სასტუმროებში, რესტორნებსა და ტურისტულ ობიექტებში გადაადგილდება.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დღეს მხოლოდ მგზავრების მიღებისა და გაცილების ადგილი აღარ არის. ის რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს", - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
მისივე თქმით, დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია 16 ქვეყნის 32 მიმართულებით ოპერირებს, მათგან 25 ევროპული მიმართულებაა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826