ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაოების დასრულების შემდეგ საშუალება გვექნება, მივიღოთ ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე - ლევან მოსეშვილი
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარეობა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა აეროპორტების გაერთიანების გენერალურ დირექტორთან, ლევან მოსეშვილთან ერთად დაათვალიერა.
სამუშაოების ერთდროულად 3 ლოკაციაზე ჯამში 70 ჰა ფართობზე მიმდინარეობს. დასრულდა ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები, მიმდინარეობს მიწის საექსკავაციო პროცესი. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობის სამუშაოები 3000 მეტრის ტერიტორიაზეა გაშლილი, სადაც ამ ეტაპზე, ფუნდამენტის მოწყობა და ინერტული მასალების შეტანა მიმდინარეობს.
,,შენდება 3500 მეტრის სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. პარალელურ რეჟიმში სამუშაოები მიმდინარეობს სამიმოსვლო ბილიკსა და ბაქანზე. სამუშაოების დასრულების შემდეგ საშუალება გვექნება, რომ მივიღოთ ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. რაც თავისთავად ნიშნავს, რომ მივიღებთ უფრო მეტ მგზავრს, ტვირთს და აეროპორტის გამტარუნარიანობა გაიზრდება,-“ განაცხადა ლევან მოსეშილმა.
აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა მინისტრის მოადგილე დეტალურად გააცნო პროექტის მიმდინარეობა. პარალელურ რეჟიმში 35000 კვმ-ზე მიმდინარეობს თვითმფრინავების სადგომების მშენებლობის სამუშაოები, რომლის სრული კვადრატულობა 55 000 კვმ-ს შეადგენს, ასევე მიმდინარეობს დაახლოებით, 17 კმ საერთო ფართზე ახალი საინჟინრო-საირიგაციო ნაგებობების მოწყობა.
პროექტს სამშენებლო კომპანია ,,ანაგი" ახორციელებს. რისი დასრულების შემდეგაც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება F კოდური აღნიშვნის პირველი აეროდრომი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის (F კატეგორიის) საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.
ახალი, 3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის
გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია, რომელზეც მუშაობა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, მსოფლიოს ერთ-ერთმა
ყველაზე ავტორიტეტულმა საავიაციო საკონსულტაციო კომპანია IATA კონსალტინგმა დაასრულა.
სხვა სიახლეები
საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისა და ევროკავშირისთვის - მარიამ ქვრივიშვილი
14.05.2026.19:43
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ ენერგეტიკულ პანელზე დისკუსიის მიმდინარეობისას ენერგეტიკული დაკავშირებადობის, ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და ამ კუთხით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის როლზე ისაუბრა. მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკული სამიტის ფარგლებში გამართული პანელის Delivering 2030 – Leadership commitments for the energy transition ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო.
„ეს არის საქართველოს მიერ ინიცირებული ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის. 1300 მგვტ-ის სიმძლავრის წყალქვეშა კაბელი პირდაპირ დააკავშირებს საქართველოს ევროკავშირის ბაზართან. ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნების ძალისხმევის გაერთიანება ერთმანეთის გასაძლიერებლად, დასაკავშირებლად და სავაჭრო ურთიერთობებში მხარდასაჭერად. ენერგეტიკული სექტორი ძალიან კარგი ინსტრუმენტია ძალების გასაერთიანებლად, უფრო ფართო დარგებისა და ეკონომიკების კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, კაბელის მშენებლობა უნდა დაიწყოს მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში, პროექტის გაშვება კი დაგეგმილია 2031-2032 წლებისთვის. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი შესანიშნავად ერწყმის „მწვანე ენერგიის დერეფანს," რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტია და რეგიონის ფარგლებს სცდება.