ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი რეგიონული მასშტაბის ცენტრი იქნება, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გაეცნო.
ტექნოლოგიური ჰაბის პროექტზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს, როგორც შენობის შიდა სივრცეში, ისე გარე პერიმეტრზე. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებული, ან დასკვნით ფაზაშია - მიმდინარეობს გარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწყობა, სარწყავი სისტემის და სკვერის, ბილიკების, მწვანე საფარის და გარე განათების სამუშაოები. პროექტის თანახმად, ასევე მიმდინარეობს გათბობა-გაგრილების სისტემის და საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შენობის გარე პერიმეტრზე და ა.შ.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, პროექტის მიმდინარეობის პროცესი და შესრულებული სამუშაოები უკვე იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონული მასშტაბის და მნიშვნელობის მულტიფუნქციური სივრცე იქნება.
„ტექნოლოგიური ჰაბი უნიკალური სივრცე იქნება, სადაც თავის მოიყრის თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, იმუშავებს სასწავლო პროგრამები - საერთაშორისო IT და ტექნოლოგიური სკოლა. შედეგად, საქართველოს ექნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სივრცე ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციური პროდუქტების მხარდასაჭერად. ეს იქნება რეგიონული მასშტაბის და მიზიდულობის ცენტრი, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეიტანს ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ტექნოლოგიური ჰაბის სივრცეში განთავსდება რამდენიმე მიმართულების ლაბორატორიები, ინტერაქციული სამეცნიერო ტექნოლოგიური მუზეუმი და ხელოვნური ინტელექტის ცენტრი. ლაბორატორიებისთვის საჭირო დანადგარების, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის ნაწილი უკვე დასაწყობებულია, ხოლო ნაწილი ტრანსპორტირების პროცესშია.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826