ქუთაისში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნა - საქართველოში ინოვაციების განვითარების ახალი ეტაპი იწყება
ქალაქ ქუთაისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ოფიციალურად გაიხსნა. მრავალფუნქციური სივრცე ეკოსისტემაში აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას. პროექტი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას ტექნოლოგიურ განვითარებაში და მიზნად ისახავს ქვეყნის, როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის, პოზიციის გაძლიერებას.
ჰაბი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეებს, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებსა და სტარტაპების განვითარების ინფრასტრუქტურას. მისი მიზანია სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების ადამიანებს შეუქმნას შესაძლებლობა ისწავლონ, შექმნან, გამოსცადონ და განავითარონ ტექნოლოგიური იდეები ერთ სივრცეში.
ჰაბში ამოქმედდება საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოპარკი, სადაც მთელი წლის განმავლობაში ათასობით ბენეფიციარს, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ისეთ პროექტებში, როგორიცაა სტარტაპ ინკუბატორი, პრე-აქსელერატორი, ტექნოლოგიური კვირეულები, ინოვაციური ბანაკები, ჰაკათონები, ვორქშოპები, ტრენინგები და ასობით სხვადასხვა ტიპის და მიმართულების საგანმანათლებლო და საკონკურსო ღონისძიებები.
ჰაბის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც მოიცავს რობოტიკისა და ავტომატიზაციის, დრონების, ელექტრონიკისა და IoT-ის, ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობების, FabLab-ის, STEAM-ის, 3D პროტოტიპირების და ვირტუალური რეალობის მიმართულებებს. აღნიშნული ლაბორატორიები ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვის, სტარტაპებისთვისა და ინოვატორებისთვის, გარდაქმნან იდეები რეალურ პროდუქტებად, შეამოწმონ მათი სიცოცხლისუნარიანობა და შექმნან კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჰაბში განთავსებულია რეგიონში პირველი მეტალის FDM (დადნობითი მეთოდით მომუშავე) 3D პრინტერი.
ჰაბის მნიშვნელოვანი ნაწილია ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, რომელიც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციის სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში. მუზეუმის კონცეფცია ეფუძნება თანამედროვე სამეცნიერო ცენტრების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ვიზიტორებს მეცნიერების შესწავლის შესაძლებლობას ინტერაქციული ექსპერიმენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების საშუალებით სთავაზობს. პირველ ეტაპზე, მუზეუმში წარმოდგენილია 50 თანამედროვე ექსპონატი, მათ შორის ნაწილი შერჩეული და დამზადებულია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პოლონეთის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობით. ექსპოზიცია აერთიანებს ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიის, მექანიკის, ოპტიკის, ელექტრომაგნეტიზმის, ასტრონომიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების თემატიკას.
ჰაბში ასევე განთავსდება TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, რომელიც ერთდროულად 1200-მდე მოსწავლის ჩართულობას უზრუნველყოფს. ცენტრი ახალგაზრდებს სთავაზობს მსოფლიოში აღიარებულ საგანმანათლებლო მოდელს, რომელიც აერთიანებს პროგრამირებას, რობოტიკას, თამაშების შექმნას, ანიმაციას, დიზაინს, 3D მოდელირებას, ვიდეოწარმოებასა და სხვა ციფრულ დისციპლინებს.
პროექტი მოიცავს სტარტაპებისა და მეწარმეობის განვითარების სივრცეებს, coworking ზონებს, თანამედროვე საკონფერენციო ინფრასტრუქტურას, ტრენინგებისა და შეხვედრების ოთახებს, ასევე საერთაშორისო IT კომპანიებისთვის განკუთვნილ საოფისე სივრცეებს.
ჰაბის ეკოსისტემას კიდევ უფრო აძლიერებს Growth Hub, რომელიც მეწარმეებსა და კომპანიებს შესთავაზებს ბიზნესის განვითარების, დაფინანსების, ბაზრის კვლევის, საერთაშორისო პარტნიორობებისა და ექსპორტის მიმართულებით პროფესიულ მხარდაჭერას.
ამასთანავე, ჰაბში განთავსდება საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი.
ქუთაისის ტექ ქალაქი წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ახალ მოდელს, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობას, საერთაშორისო თანამშრომლობასა და რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას. თანამედროვე ლაბორატორიები, სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, საგანმანათლებლო პროგრამები, სტარტაპების განვითარების სივრცეები და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა ქმნის გარემოს, სადაც იდეები რეალურ პროდუქტებად და ინოვაციურ ბიზნესებად გარდაიქმნება.
სხვა სიახლეები
განათლება არის ერთ-ერთი ის ფუნდამენტი, რომელზეც ზოგადად ტექნოლოგიური მიმართულება არის დაფუძნებული - ირაკლი ნადარეიშვილი
24.07.2026.23:12
„დღეს არის ისტორიული დღე, ისტორიული მოვლენა არა მხოლოდ ქუთაისისთვის, იმერეთისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის და ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის, რაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი გაცხადებული ამოცანა და მიზანია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტზე საუბრისას.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა არის ის პრიორიტეტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
„ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი წარმოადგენს მრავალფუნქციურ სივრცეს, სადაც, ერთი მხრივ, არის ტექნოლოგიური და სამეცნიერო მუზეუმი, სადაც როგორც ბავშვებს, ასევე სტუმრებს ექნებათ საშუალება, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ტექნოლოგიებს ხელით შეეხონ, პირდაპირი გაგებით, წვდომა ჰქონდეთ უშუალოდ ტექნოლოგიების გამოყენებასთან", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, ყველაზე მასშტაბური ტექნოპარკი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბშია განთავსებული, სადაც 10-ზე მეტი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია არის, რომლებიც, ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა პროექტებზე სამუშაოდ სტუდენტებისთვის, ასევე მეცნიერებისა და სტარტაპერებისთვის.
„აქ არის უამრავი სივრცე სხვადასხვა პროექტების გასაკეთებლად, ჯგუფური სამუშაოების ჩასატარებლად. განათლება არის ერთ-ერთი ის ფუნდამენტი, რომელზეც ზოგადად ტექნოლოგიური მიმართულება არის დაფუძნებული და მეორე სართული მთლიანად ეთმობა საერთაშორისო ტექნოლოგიურ სკოლას - ეს არის TUMO-ს ბრენდის ქვეშ გაერთიანებული პლატფორმა, სადაც 12-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს ექნებათ აბსოლუტურად უფასო და თავისუფალი წვდომა ძალიან საინტერესო პროგრამებზე, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ჩამოაყალიბებს და შექმნის მათ მომავალს ტექნოლოგიურ სამყაროში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად გახსნა. ღონისძიებას სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.