მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7168
0.0013
flag
AZN 1.5324
-0.0003
flag
CNY 38.85
-0.0011
flag
EUR 2.9576
0.0024
flag
GBP 3.4624
0.0146
flag
KZT 59.24
-0.0008
flag
TRY 0.0531
-0.0001
flag
USD 2.6047
-0.0004
news banner

ქვეყნის მასშტაბით სამი ახალი თავშესაფრის მშენებლობა იგეგმება - ცხოველთა იდენტიფიკაციისა და პოპულაციის მართვისთვის ₾35 მილიონი დაიხარჯება

news image
mbc image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ლაშა ავალიანის განმარტებით, შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია და სტერილიზაცია სამწლიანი პროგრამის ფარგლებში დაიწყება მიმდინარე წლის გაზაფხულიდან. ღონისძიებები მოიცავს ცენტრალიზებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზას, სპეციალისტების დანიშვნას, ქვეყნის მასშტაბით დამატებით სამ თავშესაფარს, არსებული თავშესაფრების მოდერნიზაციას და უფასო სტერილიზაციის პროგრამას პატრონიან და უპატრონო ცხოველებზე. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლაშა ავალიანმა განაცხადა, თავად პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და პირველი წლის შედეგები ბევრი პრაქტიკული საკითხის გამოხატვას უზრუნველყოფს.

„ეს ხანგრძლივი პროცესია და არავის არა აქვს, არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ეს რაღაცა ორ თვეში მოგვარდება. მიმდინარე წლიდან დაიწყება, გაზაფხულიდან უკვე ჩვენ პრაქტიკულად ეხლა ვსაუბრობთ - ეს ღონისძიებები უკვე მიმდინარეობს. აქ მოსამზადებელ ღონისძიებებს ვსაუბრობ, ასევე იმ ცენტრალიზებული ელექტრონული პროგრამის შექმნა, სადაც ეს მონაცემთა ბაზა თავს მოიყრის. ასევე დეტალურად არის განსაზღვრული სპეციალისტების რაოდენობა. ასევე აუცილებლად უნდა ვახსენო თავშესაფრების საკითხი - ქვეყნის მასშტაბით იგეგმება დამატებით სამი თავშესაფრის რეგიონულ დონეზე, მუნიციპალიტეტთაშორისი თავშესაფრის მშენებლობა და ასევე სამი არსებული თავშესაფრის მოდერნიზაცია, უფრო მათი წარმადობის გაზრდა. რომელიც დაიწყება მიმდინარე წლიდან. ანუ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. მეორე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ დახმარების პროგრამა - უფასო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის გარდა მოიცავს გარკვეული რაოდენობის პატრონიანი ცხოველების (ამ შემთხვევაში ძუ ძაღლების) სტერილიზაციას, რომელიც იქნება ასევე უფასო, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტით დაიფარება. ეს იქნება უკვე კონტრაქტის საფუძველზე კერძო ვეტერინარულ დაწესებულებებთან. და ასევე იქნება უკვე უპატრონო ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია. ეს ოთხი ძირითადი აქტივობა, რომელიც დაიწყება მიმდინარე წლიდან უახლოეს პერიოდში და გაგრძელდება სამი წლის განმავლობაში, რომელიც გვაჩვენებს ამ, ასე ვთქვათ, ტრენდს და შესაბამისად უკვე მოხდება შესაბამისი ცვლილებები. პირველი წელი დაგვანახებს ბევრ საკითხს“, - განმარტავს მინისტრის მოადგილე.

ლაშა ავალიანის განცხადებით, ცხოველთა რეგისტრაციისა და სტერილიზაციის სამწლიანი პროგრამა საერთო ჯამში 35 მილიონი ლარის ბიუჯეტით განხორციელდება. თანხა მოხმარდება ინფრასტრუქტურას, სატრანსპორტო საშუალებებს, სპეციალისტების და კონტრაქტების მომსახურებას, უცხოელი ექსპერტების ჩართულობას და სამედიცინო საჭიროებებს. 

„ასეთი მასშტაბური ღონისძიებები თავისი როგორც ფინანსური, ისე ადმინისტრირების თვალსაზრისით და ასევე გადაწყვეტილებების თვალსაზრისით არ განხორციელებულა. ეს არის სამწლიანი ინტენსიური პროგრამა, ჯამურად არის 35 მილიონი ლარი გათვალისწინებული. ამაში შედის მშენებლობები, სატრანსპორტო საშუალებები, სპეციალისტების კონტრაქტ-ხელშეკრულებების თანხები, ასევე უცხოელი ექსპერტის მომსახურება, ნებისმიერი სახის ინფრასტრუქტურული თუ სამედიცინო პრეპარატები და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ფაქტიურად სრულად იღებს ამ ვალდებულებას ამ პროცესის ბირთვის დაძვრისთვის. თუმცა კიდევ ერთხელ, ეს უპირველესად ეს არის მეპატრონის ვალდებულება და ამითი მოდით პირიქით ნუ დავჯდებით და დაველოდებით მხოლოფ სახელმწიფოს ქმედებებს, იმიტომ რომ ეს არის მეპატრონის ვალდებულება. კიდევ ერთხელ ვისარგებლებ თქვენი ეთერით და პირიქით, ითანამშრომლონ სახელმწიფოსთან, რომ ჩაერთონ ზუსტად იმ უფასო პროგრამებში, რათა მერე თავისი თანხების დახარჯვა აღარ მოუწიოთ. ეს თანხებიც ბუნებრივია და ეს რესურსებიც განსაზღვრულია, ამიტომ პირიქით, რაც უფრო ითანამშრომლებს ნებისმიერი საზოგადოება იქნება, დაინტერესებული პირები, საზოგადოებასთან, რომ ეს პროცესი წავიდეს, მე მგონი გვაქვს ისტორიული მომენტი, რომ ჩვენ გარდატეხა შევიტანოთ ამ ყველაფერში, რომ შემდგომ უფრო და უფრო გაადვილდეს ეს პროცესები“, - აღნიშნა ლაშა ავალიანმა. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ინფლაციის მაჩვენებელს მომდევნო წელს კლებადი ტენდენცია ექნება და წლის ბოლოსთვის მის მიზნობრივ მაჩვენებელს, 3.0%-ს დაუბრუნდება - ფინანსთა სამინისტრო

30.09.2026.20:48

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, რომლის მიხედვით 2027-2030 წლების მაკროეკონომიკური პარამეტრები დაგეგმილია შედარებით კონსერვატიული პროგნოზების მიხედვით, აღნიშნული სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან და ითვალისწინებს:

რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის შეადგენს 5.0 პროცენტს, ხოლო მომდევნო წლებში 5.2-5.3 პროცენტის ფარგლებშია;
ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2027 წელს 8.9 პროცენტით იზრდება და 126.4 მილიარდ ლარს შეადგენს. შემდგომ წლებში ზრდის პროგნოზი საშუალოდ 8.5 პროცენტია და 2030 წლისთვის 161.0 მილიარდ ლარს აჭარბებს; ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2027 წლის ბოლოსთვის 12.0 ათას დოლარს, ხოლო 2030 წლისთვის 15.0 ათას დოლარს აჭარბებს;

ინფლაციის მაჩვენებელს მომდევნო წელს კლებადი ტენდენცია ექნება და წლის ბოლოსთვის მის მიზნობრივ მაჩვენებელს, 3.0 პროცენტს დაუბრუნდება. მომდევნო წლებშიც ინფლაციის პროგნოზი მისი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია; მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2027 წლისთვის 4.5 პროცენტს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში 4.3 პროცენტამდე მცირდება;

ბიუჯეტის დეფიციტი 2027 წლისთვის დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5 პროცენტის დონეზე, ხოლო შემდგომ წლებში მცირედით კლებადი ტენდენცია აქვს და 2.2 პროცენტამდე მცირდება;

მთავრობის ვალის მაჩვენებელი 2027 წლისთვის 31.6 პროცენტის დონეზეა და მომდევნო წლებში ინარჩუნებს მცირედით კლების ტენდენციას; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2027 წლისთვის დაგეგმილია 29.5 მილიარდი ლარის ოდენობით, ხოლო 2030 წლისთვის 41.0 მილიარდ ლარს აჭარბებს; ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები შეადგენს 37 მილიარდ 531 მილიონ ლარს, რაც 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 1 მილიარდ 526 მილიონი ლარით აღემატება.

ჯამური შემოსულობების 85 პროცენტზე მეტს შემოსავლები წარმოადგენს, რომლის მოცულობა 32 მილიარდ 90 მილიონ ლარს აჭარბებს და მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობასთან შედარებით 1 მილიარდ 754 მილიონი ლარით მეტია. საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 2027 წლისთვის განსაზღვრულია 29 მილიარდ 520 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობას 2 მილიარდ 120 მილიონი ლარით, ხოლო თავდაპირველ გეგმიურ მაჩვენებელს 2 მილიარდ 480 მილიონი ლარით. მომდევნო წლის განმავლობაში პროგნოზირებულია ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნება ჯამში 3 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი მოცულობით. 2027 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაგეგმილია 37 მილიარდ 562 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობას 1 მილიარდ 928 მილიონი ლარით აღემატება.

2027 წლის ჯამური გადასახდელებიდან 25 მილიარდ 424 მილიონი ლარი მიიმართება მიმდინარე ხარჯების (საპროცენტო ხარჯების გარდა) დაფინანსებაზე, რაც 2026 წლის საპროგნოზო მოცულობას 2 მილიარდ 34 მილიონი ლარით აღემატება.

მიმდინარე ხარჯები ძირითადად გაზრდილია შემდეგი მიმართულებებით: ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარის ოდენობით, მათ შორის:

მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 555 მილიონი ლარით. კერძოდ, მოქმედი ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 60 ლარის ოდენობით და განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით (მაღალმთიან დასახლებებში 665 ლარს აჭარბებს), ხოლო 70 წლამდე ბენეფიციარებისთვის იზრდება 20 ლარით და 390 ლარს შეადგენს (მაღალმთიან დასახლებებში 468 ლარი);
ინდექსაციის შესაბამისად იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლები, რისთვისაც დამატებით გამოყოფილია 60 მილიონი ლარი;

ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 127 მილიონ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმი/ექთნის ხელფასების ზრდა; სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა გაზრდილია 26 მილიონ ლარზე მეტით;

დაგროვებითი საპენსიო სქემის დაფინანსება გაზრდილია 60 მილიონი ლარით.
განათლების ხარჯები - გაზრდილია 400 მილიონი ლარით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებლების, მათი ადმინისტრაციული პერსონალისა და საბავშვო ბაღების ხელფასების ზრდა. ასევე, გათვალისწინებულია უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების დაფინანსება;

საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, კერძო სექტორში ბოლო 4 კვარტალში გაზრდილი ხელფასების შესაბამისად, 8.4%-ით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო საჯარო სექტორში, რისი გათვალისწინებითაც შრომის ანაზღაურების ფონდი გაზრდილია 395 მილიონი ლარით; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 90 მილიონი ლარით; სპორტული ფედერაციების დაფინანსება გაზრდილია 50 მილიონი ლარით; სხვა დანარჩენი სახელმწიფო პროგრამების და მუნიციპალური სერვისების დაფინანსება გაზრდილია 269 მილიონი ლარით;
2027 წლის ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად მიიმართება 8 მილიარდ 431 მილიონ ლარზე მეტი, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მაჩვენებელს თითქმის 1 მილიარდი ლარით აღემატება.

აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 2 მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტი;

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გამოყოფილია 1 მილიარდ 332 მილიონ ლარამდე, მათ შორის 723 მილიონი ლარია გათვალისწინებული ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობისთვის. განათლების მიმართულებით კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 800 მილიონი ლარი;

წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებზე მიიმართება 432 მილიონი ლარი;

ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გამოყოფილია 404 მილიონი ლარი, მათ შორის გათვალისწინებულია ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობების მშენებლობა და რეგიონებში გაზიფიცირების სამუშაოების განახლება;

სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 310 მილიონი ლარი;

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გამოყოფილია 172 მილიონი ლარი;

იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა განსახლების პროექტების დაფინანსებაზე გამოყოფილია 268 მილიონი ლარი;

ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გათვალისწინებულია 142.5 მილიონი ლარი;

სამელიორაციო სისტემების მოდერნიზების პროექტებზე გამოყოფილია 145 მილიონი ლარი;

მყარი ნარჩენების პროექტების განსახორციელებლად გათვალისწინებულია 106,4 მილიონი ლარი;

პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით დაგეგმილი კაპიტალური ხარჯები შეადგენს 701 მილიონ ლარს;

საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდის მიზნით მიიმართება 250 მილიონი ლარი;

თბილისის მეტროს მოდენრიზაციის პროექტის დაფინანსება შეადგენს 125 მილიონ ლარს;

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტისთვის გამოყოფილია 125 მილიონი ლარი;

სოფლების ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობაზე მიიმართება 107 მილიონი ლარი;

ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობის დასასრულებლად გათვალისწინებულია 60 მილიონი ლარი;

სხვა დანარჩენი კაპიტალური ხარჯები ჯამში შეადგენს 267 მილიონ ლარს;

2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა საბიუჯეტო პროცესის თანახმად, გაგრძელდება პარლამენტში, სადაც მოხდება გამოთქმული წინადადებებისა თუ მოსაზრებების ასახვა, ხოლო დეკემბერში საბოლოო ვერსიის მიღება.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა