ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ქვეყანამ „აბრეშუმის გზის ფორუმს“ ღირსეულად უმასპინძლოს - ლევან დავითაშვილი
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „თბილისის სილქ როუდ ფორუმის“ გახსნის წინ ის ლოკაციები დაათვალიერა, სადაც ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდება. ლევან დავითაშვილი დღეს პირადად გაეცნო საორგანიზაციო სამუშაოების დასკვნით ეტაპს, კერძოდ, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, სადაც გახსნის ცერემონია და რამდენიმე პანელური სესია შედგება და სასტუმრო „ბილტმორში“, სადაც ასევე რამდენიმე პანელური სესია და პარალელური ღონისძიებები გაიმართება.
„აბრეშუმის გზის ფორუმის“ მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია, ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ქვეყანამ ღირსეულად უმასპინძლოს მორიგ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი. ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, წლევანდელი ფორუმი იმითაა გამორჩეული, რომ გარდა უმაღლესი დონის დელეგაციებისა - პრემიერების, ვიცე- პრემიერების, მინისტრების დონეზე, ღონისძიებაზე ასევე აქტიურად და მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი ბიზნეს-სექტორი.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის საქართველოში არსებული ეკონომიკური რეფორმების პროგრესის გამოძახილი და ასევე იმ წარმატების, რომელიც ეკონომიკური კუთხით ქვეყანას აქვს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
„აბრეშუმის გზის ფორუმს“ თბილისი 26 – 27 ოქტომბერს, უკვე მეოთხედ უმასპინძლებს. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 2000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. წლევანდელი ფორუმი უპრეცედენტოა არამარტო მონაწილეთა რაოდენობის, არამედ მაღალი წარმომადგენლობითი დონის თვალსაზრისითაც. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826