რა ასახვა ექნებოდა ისრაელ-ირანის კონფლიქტის გაგრძელებას საქართველოს ეკონომიკაზე - ლაშა ქავთარაძის შეფასება
ისრაელ-ირანის კონფლიქტის გაგრძელება საქართველოზე აუცილებლად ნეგატიურ გავლენას იქონიებდა, - მიიჩნევს Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე, რომელიც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
ლაშა ქავთარაძემ საქართველოზე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გავლენაზეც ისაუბრა და ისრაელ-ირანის კონფლიქტის შესაძლოა გაგრძელების ეფექტზეც გაამახვილა ყურადღება, რაც მისი აზრით საქართველოს ეკონომიკას 1%-ით შეამცირებდა.
„გავიხსენოთ, რუსეთ-უკრაინის ომი. რუსეთ უკრაინის ომმა გამოიწვია ის, რომ ჩვენ მიგრანტების დიდი ტალღა გვქონდა და ამ მიგრანტებმა დიდი კაპიტალი შემოიტანეს ქვეყანაში. ეს იყო პოზიტიური ჩვენი ეკონომიკისთვის, მაგრამ ნეგატიური იყო ის, რომ გლობალურად ამ ომმა გამოიწვია მიწოდების ჯაჭვების რღვევა, საერთაშორისო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობპოდუქტების ფასების ზრდა, ინფლაცია გაიზარდა გლობალურად და შემდეგ მოგვიწია ინფლაციის იმპორტირება. თუმცა ეს ნეგატიური იყო არამარტო ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რომელსაც მერე მოჰყვა საპროცენტო განაკვეთების გაზრდა და ფაქტობრივად ფულზე ხელმისაწვდომობა უფრო ძვირი გახდა. მაგრამ ის ფინანსური ნაკადი, რაც ამ მიგრაციას მოჰყვა გადაწონა ის უარყოფითი ეფექტი და მაინც ეკონომიკური ზრდა ჩვენთან მაღალი დაფიქსირდა. ბოლო, მეორე კონფლიქტი, რაც ამ წელს იყო ისრაელ-ირანს შორის, ეს საკმაოდ ისეთი კონფლიქტი იყო, რომელიც აუცილებლად ნეგატიურ გავლენას იქონიებდა ჩვენზე მოკლევადიან პერიოდში“, - აცხადებს ქავთარაძე.
კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში, ლაშა ქავთარაძის აზრით, ისრაელიდან შესაძლოა ფულადი გზავნილები ისევ წამოსულიყო, თუმცა ისრაელის ეკონომიკის შენელების შემთხვევაში, ეს ფულად გზავნილებზეც უარყოფითად აისახებოდა.
„ამას ექნებოდა უარყოფითი პირდაპირი ეფექტი, ასევე უარყოფითი არაპირდაპირი ეფექტი. არაპირდაპირი ეფექტი ისევ გლობალურად ნავთობის ფასების ზრდით მივიღებდით ჩვენ გაზრდილ ინფლაციას ქვეყანაში, ხოლო პირდაპირით - სავალუტო ნაკადები ორივე ქვეყნიდან, დიდი დამოკიდებულება ირანთან არ გვაქვს, მაგრამ ისრაელიდან ჩვენ დამოკიდებული ვართ, როგორც ფულად გზავნილებში, ისე ტურიზმის მიმართულებით, რომელიც კიდევ არაპირდაპირი გავლენა აქვს ქვეყნის შიგნით და ჩვენი შეფასება იყო, რომ თუ ეს კონფლიქტი ისრაელსა და ირანს შორის წლის ბოლომდე გაგრძელდებოდა, ჩვენ წლის მეორე ნახევარში მივიღებდით უარყოფით ზეწოლას და დაახლოებით წლიურ ჭრილში ერთ პროცენტულ პუნქტამდე შეგვიმცირებდა ეკონომიკურ ზრდას. რომ არ მოგვარებულიყო ეს საკითხი ჩვენ პროგნოზს არ გავზრდიდით 6.8%-დან 7.5%-მდე“, - აღნიშნა ქავთარაძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826