რა ფაქტორებმა განაპირობა EBRD-ის მიერ თურქეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზით, თურქეთის ეკონომიკა 2026 წელს 3.0 პროცენტით გაიზრდება, რაც 2026 წლის ივნისში გაკეთებულ 3.5-პროცენტიან პროგნოზთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.
2027 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი 4.0 პროცენტამდე დაჩქარდება.
აღნიშნული პროგნოზები ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებულ უახლეს „რეგიონულ ეკონომიკურ პერსპექტივებში“ (Regional Economic Prospects - REP) არის წარმოდგენილი.
პროგნოზის შემცირება განპირობებულია მაღალი ინფლაციისა და მკაცრი ფინანსური პირობების ფონზე შიდა მოთხოვნის შესუსტებით, ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენითა და ექსპორტზე არსებული კონკურენტუნარიანობის ხარჯებთან დაკავშირებული წნეხით.
EBRD-ის რეგიონებში მთლიანობაში ეკონომიკური ზრდა 2026 წელს 2.5 პროცენტს შეადგენს, ხოლო 2027 წელს 4.0 პროცენტამდე დაჩქარდება. 2026 წლის პროგნოზი ივნისთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა, რაც უფრო მკაცრი დაფინანსების პირობების, ევროპის გარკვეულ ნაწილებსა და შავი ზღვის რეგიონში გვალვის გავლენის, ასევე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომთან დაკავშირებული შავი ზღვის ბლოკადის შედეგებს ასახავს.
EBRD თურქეთის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია. ბანკის მიერ ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 25 მილიარდ ევროს აღემატება, რომელთა ძირითადი ნაწილი კერძო სექტორზე მოდის.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826