რა გაკეთდა თავისუფალი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაფართოებლად
ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებასა და გაღრმავებაზე ინტენსიურად მუშაობდა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დეპუტატის კითხვის პასუხად მიწერილი წერილიდან ირკვევა, გლობალური პანდემიის მიუხედავად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები აგრძელებდნენ მუშაობას ადგილსამყოფელი და დაფარვის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან საქართველოსთვის პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმების მოპოვების მიზნით (თავისუფალი ვაჭრობის ან ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებების გაფორმება).
„ამ მხრივ, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა აშშ-ის, ინდოეთის, ისრაელის, გაერთიანებული სამეფოს, კორეის რესპუბლიკის და ყურის ქვეყნებთან. განხორციელდა შემდეგი:
- 2019 წლის ნოემბერში, ქ. ლონდონში ხელი მოეწერა, ხოლო 2020 წლის 31 დეკემბერს ძალაში შევიდა შეთანხმება საქართველოს და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ;
- 2020 წელს დასრულდა ისრაელ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევა, ხოლო 2023 წლის მაისში, ისრაელში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე;
- 2023 წლის 10 ოქტომბერს, ქ. დუბაიში, ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის თაობაზე (CEPA);
- 2023 წლის 2-3 ნოემბერს, კორეაში, ხელი მოეწერა საქართველოს და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე (EPA) მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ერთობლივ განცხადებას და ხსენებული
შეთანხმების პირობების დოკუმენტს (TOR). მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე გაიმართა;
- მიმდინარეობდა კონსულტაციები საქართველო-ინდონეზიას შორის პრეფერენციული
ვაჭრობის ფარგლებში ორმხრივი შეთანხმების გაფორმების მიზნით პროცედურის დასაწყებად. ველოდებით ინდონეზიური მხარის პასუხს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის - Joint Feasibility Study Group on PTA - შექმნასთან დაკავშირებით;
- 2021 წლის 29 იანვარს ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობის და დაცვის შესახებ“;
- გაიმართა მოლაპარაკებების 7 რაუნდი საქართველოსა და კანადას შორის „ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მისაღებად;
- გაიმართა არაერთი კონსულტაცია და მოლაპარაკება თურქეთის რესპუბლიკასთან მომსახურებით ვაჭრობის თაობაზე;
საანგარიშო პერიოდში, ქართული ნაწარმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით სამინისტრო დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით მუშაობდა საზღვარგარეთ ქართული ნაწარმის ცნობადობის გაზრდის, პოპულარიზაციის და დაცვის მიმართულებით:
- ადგილობრივი და დაფარვის ქვეყნების ბიზნეს-წრეებს (პალატები, ასოციაციები, გაერთიანებები, გილდიები, მსხვილი კომპანიები, სახელმწიფო უწყებები) მუდმივად აწვდიდა განახლებულ;
- მუდმივად მონაწილეობდა და ორგანიზებას უკეთებდა თემატურ პრეზენტაციებს/ სემინარებს/ დეგუსტაციებს/ სხვა ღონისძიებებს;
- დახმარებას უწევდა ქართულ კომპანიებს საზღვარგარეთ საერთაშორისო გამოფენებში ქართული ნაწარმის ეფექტურად წარდგენაში და სანდო პარტნიორების პოვნაში.
- მონიტორინგს უწევდა ადგილობრივ ბაზრებს ქართული ნაწარმისთვის საექსპორტო შესაძლებლობების აღმოჩენის და გამოყენების მიზნით;
- მონიტორინგს უწევდა ადგილობრივ ბაზრებს ქართული კომპანიების ინტერესების
დაცვის მიზნით (ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელების და სასაქონლო ნიშნების დაცვის უზრუნველსაყოფად);
საანგარიშო პერიოდში, დიპლომატიური უწყება აქტიურად მუშაობდა, რათა ხელი შეეწყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლობის ქსელის გაფართოებისთვის. შედეგად, 2019-2023 წლებში, სამინისტროს და საელჩოების ხელშეწყობით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ უცხო ქვეყნების პალატებთან 20-ზე მეტი ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის მიერ დეპუტატისთვის მიწერილ ოფიციალურ წერილში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826