რა გავლენა ექნება ბოლოდროინდელი კონფლიქტის ესკალაციას და მასთან დაკავშირებულ რეგიონული რისკებს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე - შეფასება
Galt & Taggart-ი განახლებულ მიმოხილვას ,,ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონება – 2025 სრული წლის მიმოხილვა და 2026 წლის მოლოდინები" აქვეყნებს.
დოკუმენტის მიხედვით, 2025 წელს, ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები აღდგა, 2024 წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ. ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე და ჯამში 17,478 ბინას მიაღწია (+15.0% წ/წ). ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბაზრის ღირებულებაც და 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+23.8% წ/წ), რაც ბაზარზე აქტივობის ზრდას უსვამს ხაზს. ამას ხელი შეუწყო 2025 წელს ახალი მსხვილმასშტაბიანი პროექტების გაყიდვების დაწყებამ და მეორად ბაზარზე გაზრდილი საბინაო ფონდის გამო გაზრდილმა აქტივობამ.
Galt & Taggart-ის შეფასებით, ირანში ბოლოდროინდელი კონფლიქტის ესკალაცია და მასთან დაკავშირებული რეგიონული რისკები მოკლევადიან პერიოდში საფრთხეს, პირველ რიგში, ისრაელიდან მოთხოვნას უქმნის – ეს სეგმენტი ბათუმში ყველაზე სწრაფად მზარდია უცხოელ მყიდველთა შორის და მასზე გაყიდვების 13% მოდიოდა 2025 წელს. თუმცა, როგორც წესი, ხანგრძლივი არასტაბილურობის დროს ისინი უსაფრთხო თავშესაფრის (safe haven) აქტივებს ეძებენ და ბათუმს, რომელიც მათთვის უკვე კარგად ნაცნობი ბაზარია, შესაძლოა საშუალო ვადაში ამან სარგებელი მოუტანოს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826