რა ღირს თბილისსა და აბუ დაბის შორის Etihad Airways-ის ავიაბილეთები
2026 წლის მარტიდან, საქართველოს ავიაბაზარზე არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული ავიაკომპანია Etihad Airways შემოდის. უკვე ცნობილია, რომ აბუ დაბი-თბილისი-აბუ დაბის მიმართულებით ფრენები ყოველდღიურად შესრულდება. ავიაკომპანიის ვებგვერდზე ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია და მისი ფასი ერთი გზა (თბილისი აბუ დაბის მიმართულება) 250 ევროდან იწყება. საუბარია ეკონომ კლასის Basic ბილეთზე, რომლის ფასშიც 7 კგ-იანი ხელბარგი შედის. რაც შეეხება ბიზნეს კლასის ბილეთებს მისი ფასი 1490 ევროდანაა. თუმცა ორმხრივი ბილეთის შეძენისას ფასები იკლებს და თბილისი-აბუ დაბის ავიაბილეთებს უკვე შესაბამისად 186 და 1241 ევროდან აჩვენებს.
Etihad Airways-სთვის ფრენების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები 2025-2026 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონამდე დაიწყება.
ამჟამად, აბუ დაბი – თბილისი – აბუ დაბის საჰაერო ხაზზე Air Arabia Abu Dhabi ოპერირებს. დღეის მდგომარეობით, ფრენები აღნიშნული მიმართულებით კვირაში 7 სიხშირით სრულდება. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს ყურის ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა სწორედ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის 647 710 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და გალფის ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 59%-ი შეადგინა.
ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანიის (მე-4 ადგილი ავიაკომპანიებისა და აეროპორტების მომსახურების ხარისხის კვლევისა და შეფასების მსოფლიოში აღიარებული ორგანიზაცი „SKYTRAX“-ის 2025 წლის მონაცემებით), Etihad Airways-ის საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, მგზავრთნაკადის კიდევ უფრო ზრდას და საქართველოში სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორების გაძლიერებას.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826