რა მეთოდოლოგიით ითვლის საქსტატი ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელს გოგიტა თოდრაძის განმარტება
უმუშევრობის სტატისტიკის გაანგარიშებისას ჩვენ მთლიანად ვეყრდნობით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც უმუშევრად ითვლება პირი, რომელიც არ მუშაობდა გასული ერთი კვირის განმავლობაში ერთი საათითაც კი, იმავდროულად ეძებდა სამუშაოს გასული თვის მანძილზე და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, - აღნიშნა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.
მისივე განმარტებით, უმუშევრობის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის დონე 13.9%-ია.
„ანუ პირი უნდა აკმაყოფილებდეს ერთდროულად ამ სამი კრიტერიუმიდან თითოეულ მათგანს ერთდროულად და შესაბამისად ის კლასიფიცირდება როგორც უმუშევარი. ზოგადად ერთმნიშვნელოვან ფაქტორზე მინდა გავამახვილო ყურადღება. როდესაც უმუშევრობის და დასაქმების სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, ჩვენი სამიზნე პოპულაცია გახლავთ მოსახლეობა 15 წლის და ზემოთ. ეს გახლავთ დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი. ეს იყოფა ორ ნაწილად - ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა და ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა, ეგრეთ წოდებული სამუშაო ძალა და მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ. სამუშაო ძალა აერთიანებს დასაქმებულებს და უმუშევრებს. დასაქმებულები ორ კატეგორიად კლასიფიცირდება - დაქირავებული პირები და თვითდასაქმებულები. მაგალითად ძიძები, ტაქსის მძღოლები, რეპეტიტორები და ასე შემდეგ.
შესაბამისად, მეთოდოლოგიის მიხედვით განსაზღვრული უმუშევართა რაოდენობის პროცენტული წილი სამუშაო ძალაში გახლავთ უმუშევრობის დონე, რომელიც 13.9%-ია ბოლო მონაცემებით“, - განმარტა გოგიტა თოდრაძემ.
სხვა სიახლეები
საქსტატის სანდოობა იმითაც განისაზღვრება, რომ ჩვენი თანამშრომლები უშუალოდ არიან ჩართული საერთაშორისო მეთოდოლოგიების შემუშავების პროცესში - გოგიტა თოდრაძე
10.06.2026.12:40
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე ბოლო პერიოდში რამდენიმე პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო მოსახლეობის ცხოვრების დონის შესაფასებლად საქსტატი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის არაერთ მაჩვენებელს, მათ შორის ფარდობით სიღარიბესა და ჯინის ინდექსს ითვლის.
მისივე თქმით, ასევე არის ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები, რომლებიც უთანასწორობის საზომია და ასევე ჯინის ინდექსი, რომელიც შემოსავლების დიფერენციაციას ზომავს.
„რაც შეეხება აბსოლუტური სიღარიბის დონეს - უპირველეს ყოვლისა იანგარიშება აბსოლუტური სიღარიბის ზღვარი, მთელი რიგი დეტალური მეთოდოლოგია გვაქვს წარმოდგენილი და ამ ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები, მათი პროცენტული წილი მთელ მოსახლეობაში განისაზღვრება როგორც აბსოლუტური სიღარიბის დონის მაჩვენებელი. გარდა ამისა არსებობს საერთაშორისო სიღარიბის ზღვარი. მაგალითად 3 დოლარზე ნაკლებს ვინც ხარჯავს მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით, ასევე 4.6 და 8.3 დოლარზე ნაკლებს ვინც ხარჯავს. შესაბამისად ეს მსოფლიო ბანკის სტანდარტია და ამ მეთოდითაც ჩვენ ვითვლით ამ მაჩვენებლებს. მოკლედ მთელი რიგი მაჩვენებლები რაც კი არსებობს საერთაშორისო პრაქტიკაში იწარმოება ჩვენს მიერ და ეს გახლავთ საუკეთესო შესაძლებლობა დავახასიათოთ მოსახლეობის ცხოვრების დონის მაჩვენებელი“, - ამბობს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.
გოგიტა თოდრაძის შეფასებით, საქსტატის მიერ წარმოებული სტატისტიკური მონაცემების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან პერიოდულად ისეთი ორგანიზაციები ამოწმებენ, როგორიცაა ევროსტატი, გაერო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი.
„უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვაცხადებთ და ვასაბუთებთ მტკიცედ, რომ ვეყრდნობით საერთაშორისო სტანდარტებს და მეცნიერულად დასაბუთებულ მეთოდებს, მაგრამ ამის რევიზიას თუ რამდენად შესაბამისობაშია ჩვენი ნათქვამი ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან, შესრულებულ სამუშაოსთან, ამის რევიზიას რა თქმა უნდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები პერიოდულად უზრუნველყოფენ, ახდენენ. მათ შორის ევროსტატი, გაერო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ასე შემდეგ და შეფასების ანგარიშები ფართო საზოგადოებისთვის რა თქმა უნდა ხელმისაწვდომია. გარდა ამისა ჩვენი ავტორიტეტი იმითაც განისაზღვრება, რომ ჩვენი კოლეგები, ჩვენი თანამშრომლები უშუალოდ ჩართული არიან ასე ვთქვათ საერთაშორისო მეთოდოლოგიების შემუშავების პროცესში და რაც მთავარია ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი განმარტების გაკეთების მიმართულებით, როცა ეხება ეს მაჩვენებლის გაანგარიშების მეთოდოლოგიას, როცა ეხება ეს ახსნას იმისას თუ რამ განაპირობა მაჩვენებლის ზრდა თუ შემცირება და შესაბამისად ეს ერთ დღეში არ ყალიბდება, ამას ათეულობით წლები სჭირდება და ეს კიდევ უნდა გაგრძელდეს ყოველდღიურად ჩვენს სამუშაო პროცესში“, - აღნიშნავს თოდრაძე.