რა მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა III კვარტალში
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის III კვარტალში 197.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის III კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 55.2 პროცენტით ნაკლებია. კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების შემცირებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებელი ასევე დაკავშირებულია ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირებასთან.
2024 წლის III კვარტალში სააქციო კაპიტალმა 131.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 66.4 პროცენტია. რეინვესტიცია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.6 პროცენტით შემცირდა და 358.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
2024 წლის მესამე კვარტალში პირველ ადგილზეა ნიდერლანდები - 60.2 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება მალტა - 58.3 მლნ. აშშ დოლარით (29.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე გაერთიანებული - 55.0 მლნ. აშშ დოლარით (27.8 პროცენტი).
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 87.7 პროცენტს შეადგენს.
2024 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 63.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.2 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ენერგეტიკის სექტორი - 43.0 მლნ. აშშ დოლარით (21.8 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ვაჭრობის სექტორი 32.1 მლნ. აშშ დოლარით (16.2 პროცენტი). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 70.2 პროცენტი შეადგინა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826