რა საფრთხეს შეიცავს კორპუსებზე თვითნებური მიშენებები - სპეციალისტის შეფასება
თბილისის გენერალური გეგმის თანაავტორი, პროფესორი,არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე ძველი შენობების იმ ნაწილს, რომელზეც თვითნებური მიშენებებია, მაღალი რისკის შემცველად მიიჩნევს.
როგორც ბოლქვაძე Business Insider georgia - თან აღნიშნავს, ასეთი თვითნებური მიშენებები თბილისში ძველი შენობების უმეტესობაზე ფიქსირდება, განსაკუთრებით, დედაქალაქის გარეუბნებში.
„გასული საუკუნის 90-იან წლებში მიშენებები პროექტის გარეშე კეთდებოდა. კომპანიის წარმომადგენელი ან კერძო ხელოსანი მიდიოდა კონკრეტულ მისამართზე და შეკვეთას უსაფრთხოების ზომების გაუთვალისწინებლად ასრულებდა.
ლოჯიების დაშენებისას შემდუღებელი და სხვა სპეციალისტი ქუჩიდან მოჰყავდათ, არავინ ინტერესდებოდა, რამდენად სწორად კეთდებოდა კვანძები, სწორად უკავშირდებოდა თუ არა შენობას, რამდენად სწორად იყო შერჩეული ბეტონის მარკიანობა და სხვა.
ამას არავინ აქცევდა ყურადღებას, შესაბამისად, ასეთი მიშენებები დროთა განმავლობაში ირღვევა, მოქალაქეები უნდა იყვნენ ფრთხილად და შესაბამისმა სამსახურებმაც განსაკუთრებით მიაქციონ ყურადღება, რამდენად მყარია ასეთი კონსტრუქციები", - აცხადებს მერაბ ბოლქვაძე და დასძენს, რომ უსაფრთხოებაზე ანალიზი უნდა გაკეთდეს, ჩატარდეს შესაბამისი კვლევა და როცა დაიდება დასკვნა, რომ კონკრეტული კორპუსი საყურადღებოა, პერიოდულად უნდა შემოწმდეს.
,,რამდენიმე ფაქტორია, რა შემთხვევაშიც მიშენება განსაკუთრებით არის საშიში და საფრთხეს უქმნის მობინადრეებს. კერძოს, შეიძლება ძველი კვანძია, თავის დროზე არ იყო სწორად გაკეთებული და მოხდა რღვევა ან გახსნა.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს. კონსტრუქტორებთან ერთად არის ეს დეტალები აუცილებლად გასათვალისწინებელი და გასავლელი", - ამბობს მერაბ ბოლქვაძე.
ცნობისთვის, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ გაცემული დადგენილების მიხედვით, 2018 წლიდან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგულაციები გამკაცრდა და ჯარიმის რაოდენობა 10 000 ლარამდე განისაზღვრა.
ჯარიმის გარდა, განხორციელებული რეგულაციების შედეგად, პირი, რომელიც დაარღვევს კანონს, არა მხოლოდ დაჯარიმდება, არამედ დაუყოვნებლივ მოხდება თვითნებურად მიშენებული ან დაშენებული ნაწილების დემონტაჟიც.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826