რა საკითხები განიხილა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის პორტების ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის პორტების ჯგუფის აღმასრულებელ და მმართველ დირექტორს კაპიტან მოჰამედ ჯუმა ალ შამისის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის განვითარების მნიშვნელობას და ამ კუთხით თბილისის მშრალი პორტის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც აბუ-დაბის პორტების ჯგუფის ინვესტიციით ხორციელდება.
თბილისის მშრალი პორტი წარმოადგენს თანამედროვე, ინტერმოდალურ ლოგისტიკურ ცენტრს- ბათუმისა და ფოთის პორტების გაგრძელებას, რომელიც ემსახურება მათ, აკავშირებს პორტებსა დალოგისტიკურ ობიექტებს. აღინიშნა, რომ ისფუნქციონირებას 2025 წელს დაიწყებს და შუა დერეფნის საშუალებით დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის როგორც საზღვაო, ისე მშრალი პორტების ქსელის გამოყენებით დააკავშირებს. მშრალი პორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 კმ-ში, 283 000 კვ.მ ფართობზეა განლაგებული.
აბუ-დაბის პორტების ჯგუფი თბილისის მშრალი პორტის 60%-იანი წილის მფლობელი და მთავარი პარტნიორია, რომელიც ახალ ლოგისტიკურ ცენტრს მართავს. კომპანიამ თბილისის მშრალი პორტის პროექტში ამ ეტაპისთვის 16 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რომლის მოცულობა პროექტის განვითარებასთან ერთად გაიზრდება.
კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ გამოთქვა საქართველოს მთავრობის ინტერესი აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან თანამშრომლობის გაფართოების კუთხით, მათ შორის სტრატეგიულ ლოგისტიკურ-სატრანსპორტო პროექტებში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826