რა საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა და კომპანია TAQA-ს ხელმძღვანელმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია TAQA-ს ხელმძღვანელს იასიმ ჰუსეინ აჰმედ ტაბეტს შეხვდა. შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი და საქართველოში კომპანიის ინვესტიციების გაფართოების შესაძლებლობა.
იასიმ ჰუსეინ აჰმედ ტაბეტმა ირაკლი ღარიბაშვილს კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, განახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
ყურადღება დაეთმო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელზეც საქართველოს მთავრობა პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს.
მთავრობის მეთაურმა კომპანია TAQA-ს ხელმძღვანელი საინვესტიციო პოტენციალის უკეთ შესასწავლად საქართველოში მიიწვია.
კომპანია TAQA არაბთა გაერთიანებული საამიროების დივერსიფიცირებული ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც 2005 წელს დაარსდა. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს აბუ დაბის საამიროს ეკონომიკური სტრატეგიის განხორციელებაში. კომპანია ელექტროენერგიისა და წყლის მნიშვნელოვან წილს აწარმოებს და აქტივები არაერთ ქვეყანაში აქვს, მათ შორის: ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, ნიდერლანდებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთის სამეფოში, ომანსა და სხვა ქვეყნებში. კომპანიის შემოსავალმა 2023 წლის პირველ ნახევარში 3.67 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. კომპანია TAQA არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის „მასდარის" 43% -იან წილს ფლობს, რომელიც საქართველოში 100 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ავითარებს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826