რა თანხა შევიდა ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლებიდან
2023 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით ბიუჯეტში, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან 12%-იანი კლება ფიქსირდება.
როგორც სახელმწიფო ხაზინის მონაცემებიდან ვიგებთ ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) მიმდინარე წლის ორ თვეში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან 1,874,465.50 ლარი შევიდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2,124,796.21 ლარი.
რაც შეეხება სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში შესულ თანხებს, აქ 160%-იანი ზრდაა. 2023 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან 808,734.00 ლარი შევიდა ხოლო 2022 წლის ორ თვეში კი 310,800.10 ლარი.
სამაგიეროდ 81%-იანი კლება ფიქსირდება წამახალისებელი გათამაშებიდან ბიუჯეტში შესულ თანხებში.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2023 წლის ორ თვეში წამახალისებელი გათამაშებიდან ბიუჯეტში 335,137.50 ლარი შევიდა, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,779,946.11 ლარი.
რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 2022 წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან ბიუჯეტში შესულმა თანხამ 114,392,795.66 ლარი შეადგინა, სათამაშო აპარატებიდან 54,243,248.98 ლარი, ხოლო წამახალისებელი გათამაშებიდან 2022 წელს ბიუჯეტში 6,336,147.87 ლარი შევიდა.
აღსანიშნავია, რომ ყველა თანხა ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში აკუმულირდა.
მანამდე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ 2022 წლის განმავლობაში აზარტული თამაშების სექტორმა სახელმწიფო ბიუჯეტში რეკორდული მოცულობის თანხა, 739 მილიონი ლარი გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 1-ელი მარტიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად, ძალაში შევიდა სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები.
კერძოდ, 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისათვის და დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირებისთვის (მათ შორის, სოციალურად დაუცველი პირებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის) აიკრძალა ონლაინ აზარტული თამაშები.
2022 წლის 1-ელი მარტიდან დღემდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, აკრძალულ პირთა სიაში შეტანილია 1 457 526 პირი. დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 4 901 ფიზიკური პირი - მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 34 ადამიანი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 4 867 განაცხადი დარეგისტრირდა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826