რამდენი კომპანია სარგებლობს საქართველოში პირადი საგადასახადო მრჩეველის მომსახურებით
ამ დროისათვის, პირადი საგადასახადო მრჩეველის მომსახურებით 200 მსხვილი ობიექტი სარგებლობს. როგორც Business Insider Georgia შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, მაღალკვალიფიციური მომსახურების შეთავაზება და საგადასახადო რისკებზე დროული რეაგირება კომპანიის ძირითადი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას აუმჯობესებს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელებს, მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის მიზნით, 2012 წლიდან, პერსონალური მომსახურების სერვისი Privé მიეწოდებოდა, რომელიც გულისხმობს გადამხდელის მომსახურებას პირადი საგადასახადო მრჩევლის მეშვეობით. მრჩევლის მოვალეობებში შედიოდა დაინტერესებულ მხარეს, ზუსტი და თანმიმდევრული ინფორმაცია მიეღო საგადასახადო ვალდებულებების შესახებ.
აღნიშნული მომსახურება, გადასახადის გადამხდელსა და შემოსავლების სამსახურს შორის, ხელშეკრულებით რეგულირდებოდა და მისი მოქმედების ვადა ერთ კალენდარული წელს შეადგენდა. მომსახურებით ყოველწლიურად 300-მდე გადამხდელი სარგებლობდა, საიდანაც უმეტესობა „მსხვილი“ გადასახადის გადამხდელი ან მასთან დაკავშირებულ ჰოლდინგში შემავალი იურიდიული პირი იყო.
2021 წლიდან შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებითა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეკომენდაციის საფუძველზე, ჩამოყალიბდა მსხვილ გადამხდელთა ოფისი, რომლის მთავარი პრიორიტეტი მსხვილი ბიზნესის სპეციფიური მოთხოვნების გათვალისწინებითა და რისკის მართვის სისტემური მექანიზმების გამოყენებით, ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის ასამაღლებლად ხელსაყრელი გარემოს შექმნა გახდა. ანუ ახალი გამოწვევების წინაშე სერვისის შინაარსი კიდევ უფრო დაიხვეწა და გაუმჯობესდა.
აღსანიშნავია, რომ მომსახურების მიწოდებისა და ორმხრივი კომუნიკაციის გამარტივების მიზნით, პირად საგადასახადო მრჩეველთა მომსახურება, მსხვილ გადამხდელთა ოფისში რეგისტრირებულ პირთათვის, სრულიად უსასყიდლოდ გახდა. ამ დროისათვის, მომსახურებით სარგებლობს 200 მსხვილი ობიექტი, რომელთა საქმიანობა კლასიფიცირდება სხვადასხვა ეკონომიკური ჯგუფის მიხედვით - საფინანსო, სამშენებლო, სათამაშო, სამედიცინო, სამრეწველო, ნავთობკომპანიები და ა.შ.
მაღალკვალიფიციური მომსახურების შეთავაზება და საგადასახადო რისკებზე დროული რეაგირება აუმჯობესებს კომპანიის ძირითადი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, ასევე აყალიბებს უწყებასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს და ხელს უწყობს ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის დონის ამაღლებას“, - აღნიშნულია Business Insider Georgia-ს კითხვის პასუხად შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826