რამდენმა სატვირთო ავტომობილმა გაიარა საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში - 11 თვის სტატისტიკა
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი თითქმის 1%-ითაა შემცირებული.
როგორც ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით ხდება ცნობილი, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 164,486,563.50 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 166,680,298.00 ლარი.
არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარეობს, რომ 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს დერეფანი 469 961 სატვირთომ გადაკვეთა.
ცნობისათვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.
თუ წლიურ მაჩვენებლებს გავაანალიზებთ 2023 წელს საქართველომ სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2023 წელს ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 181,999 მლნ ლარი შევიდა, 2022 წელს - 128,055 მლნ ლარი, 2021 წელს - 66,414 მლნ ლარი, 2020 წელს კი 63,064 მლნ ლარი.
შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების მატება გამოიწვია როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადაადგილებული სატვირთოების ზრდამ, ასევე გაძვირებულმა გზათსარგებლობის საფასურმა.
სხვა სიახლეები
ენერგეტიკის სფეროში პირველად შემუშავდა სექტორის განვითარების 10 წლიანი სტრატეგია, რაც აქამდე არ ჰქონდა ქვეყანას - ირაკლი კობახიძე
07.10.2026.12:20
ენერგეტიკის სფეროში ჯამურმა ოპტიმიზაციამ შეადგინა 373 მილიონი ლარი, ასევე მოწესრიგდა პროექტების გამჭვირვალედ მართვის პროცესები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველად შემუშავდა სექტორის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია, რაც აქამდე არ ჰქონდა ქვეყანას.
„ენერგეტიკაში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა. ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, რომ არასწორი პრაქტიკით ფუნქციონირებდა სისტემა, მთლიანობაში განხორციელდა სექტორის რეფორმირება, მათ შორის ოპტიმიზაცია განვახორციელეთ შესაბამის კომპანიებში. ჯამურმა ოპტიმიზაციამ შეადგინა 373 მილიონი ლარი, ასევე მოწესრიგდა პროექტების გამჭვირვალედ მართვის პროცესები. იყო დაჯავშნილი დაერთების ნებართვების პრაქტიკა, რაც მთლიანად აღმოიფხვრა, გაცემის ვადები იყო ხელოვნურად გაჭიანურებული და ეს პრაქტიკა აღმოიფხვრა. ნებართვების გადაყიდვის პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული და ეს პრაქტიკად მთლიანად აღმოიფხვრა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, მოხსნის ხელოვნურ ბარიერებს და დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ძალიან მნიშვნელოვანი ფორმით.
პირველად შემუშავდა სექტორის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია, რაც აქამდე არ ჰქონდა ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი. დღევანდელი გენერაცია არის დაახლოებით 4800 მეგავატი და ჩვენი 10-წლიანი გეგმის მიხედვით, გენერაცია უნდა გაიზარდოს 11 500 მეგავატამდე, რასაც სჭირდება სწორი ხედვა, სწორი გეგმა და სწორედ ეს გეგმა შემუშავდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს დასრულდა ერთი ქარის სადგურის და სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.
„წლის ბოლომდე დამატებით 6 ელექტროსადგური შევა ექსპლუატაციაში, შედეგად უკვე წლის ბოლომდე დამატებით 300 მეგავატი შეემატება ჩვენს მთლიან გენერაციას. ეს არის განახლებადი ენერგიის წყაროები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერებისთვის. 20-ზე მეტი ასეთი პროექტი ხორციელდება ჯამური ღირებულება არის მილიარდ 800 მილიონი ლარი. ჯამში ეს ყველაფერი შეეხება 900 კილომეტრამდე ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას.
ასევე მიმდინარეობს მუშაობა 114 კილომეტრი მონაკვეთი მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე, რასაც აქვს ასევე სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. გაფორმდა ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეების მიწოდების და მონტაჟის ხელშეკრულება. მესტიის გამრიცხველიანება, ესეც იყო დაუძლეველი პრობლემა წლების განმავლობაში. დაახლოებით 20 მილიონი ლარის ღირებულების ელექტროენერგიას კარგავდა ქვეყანა ე.წ. მაინინგის გამო, ეს იყო უკანონო შემოსავლები. 33 სოფელში უკვე დამონტაჟდა 54 საბალანსო მრიცხველი. წლის ბოლომდე სრულად დამონტაჟდება დარჩენილი 48 საბალანსო მრიცხველი 25 სოფელში. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე არსებული მაჩვენებლებით 22 პროცენტით არის შემცირებული ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში, თუმცა ეს საკმარისი არ არის, ბევრად უფრო მეტია შესამცირებელი და ეს შედეგი აუცილებლად გვექნება, როცა მთლიანად დასრულდება გამრიცხველიანების პროცესი მუნიციპალიტეტში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.