რატომ არ ექნება გავლენა წყლის ტარიფის ზრდას პურის წარმოების ხარჯებზე
წყლის ტარიფის ზრდამ და ელექტროენერგიის ტარიფის კლება დააბალანსა, რის გამოც პურის მწარმოებლებს ხარჯი არ გაზრდიათ.
„წარმოებისთვის გაიზარდა წლის გადასახადი, მაგრამ სასიამოვნოა, რომ შემცირდა ელექტროენერგიის გადასახადი და ამ ორმა ერთმანეთი დააბალანსა“, - Business Insider Georgia-სთან საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა.
როგორც ცნობილია პირველი იანვრიდან თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა. შემცირებული ტარიფები ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევიდა და იმოქმედებს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ელექტროენერგიის ტარიფების შემცირებაზე გავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში, მაღალი ჰიდროლოგიის მაჩვენებლებმა, ასევე 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ.
ასევე სემეკის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ წყალმომარაგების ახალი გეგმური ტარიფები დაუდგინდა და გაიზარდა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ წყალმომარაგების არასაყოფაცხოვრებო ტარიფები. სემეკის გადაწყვეტილების შესაბამისად, ქ. თბილისსა და ქ. მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი განისაზღვრა 8.807 ლარი/კუბ.მ-ით, ხოლო ქ რუსთავში - 6.500 ლარი/ კუბ.მ-ით.
წყალმომარაგების კომპანიისთვის დადგენილი ტარიფები ძალაშია 2024 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
წყალმომარაგების ტარიფების ცვლილება განპირობებულია ქ. თბილისში, ქ. მცხეთასა და ქ. რუსთავში წყალმომარაგების ამორტიზებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების აუცილებლობით. ამ მიზნით, სემეკმა შეითანხმა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 2024-2026 წლებში განსახორციელებელი 363,868,823 ლარის მოცულობის ინვესტიცია. მათ შორის, სემეკთან შეთანხმებული გეგმების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქ. თბილისსა და ქ. მცხეთაში 317,897,722 ლარის, ხოლო ქ. რუსთავში - 45,971,101 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საინვესტიციო პროექტების მიზნობრიობას წარმოადგენს სასმელი წყლის უწყვეტობის, მიწოდების საიმედოობისა და ხარისხის გაუმჯობესება.
სამაგიეროდ უცვლელი დარჩა საყოფაცხოვრებო ტარიფები როგორც უმრიცხველო (სულადობრივი გადასახადი), ასევე გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავი წყლის“ შერწყმის შედეგად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ლიცენზიაში შესული ცვლილებების შესაბამისად, სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები ვრცელდება ქ. თბილისის, ქ. მცხეთისა და ქ. რუსთავის აბონენტებზე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826