რატომ შემცირდა ინფლაცია ივნისში - სებ-ის განმარტება
„საერთაშორისო ბაზრებზე საქონლის ფასები სტაბილურად იკლებს და მცირდება საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც. ეს ტენდენციები საქართველოს ბაზარს გადმოეცემა და გამყარებული ლარის კურსის ფონზე ინფლაციას ამცირებს. ინფლაციის შემცირებას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც ხელს უწყობს", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ივნისის თვის ანგარიშშია აღნიშნული.
ივნისში წლიური ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ჩამოცდა და 0.6% შეადგინა. იმპორტირებული საქონლის ფასები წლიურად 5.9%-ით შემცირდა. ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ფასები წლიურად 8.5%-ით გაიზარდა. შერეული პროდუქტების ფასები 6.8%-ით შემცირდა
„ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტული და შერეული ინფლაციის კლება განაპირობებს.
იმპორტული ინფლაციის შემცირებას, საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან ერთად ლარის კურსის გამყარება უწყობს ხელს.
ივნისში წლიური ინფლაციის შემცირება დიდწილად საწვავის, მზესუმზირის ზეთისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა“, - ნათქვამია ანგარიშში.
მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია თვის მიმოხილვაში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826