რაც წლევანდელ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის (CIIE) გამოფენას განასხვავებს ქართული კომპანიებისთვის, ეს არის სპეციალური ღონისძიება, რომელიც გამოფენის ფარგლებში იქნა ორგანიზებული, სადაც ქართველ ექსპორტიორებს და ჩინელ იმპორტიორებს საშუალება ექნებათ, რომ უშუალო, პირდაპირი, საქმიანი კომუნიკაცია დაამყარონ - ირაკლი ნადარეიშვილი
„დღეს ქალაქ შანხაიში ოფიციალურად გაიხსნა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის (CIIE) გამოფენა. ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ მისი ჩატარების ისტორიაში ეს იქნება რეკორდული მასშტაბის გამოფენა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველო ტრადიციულად, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის მონაწილე ქვეყანაა.
„გამოფენა უკვე მეცხრედ ტარდება და საქართველო ტრადიციულად არის წარმოდგენილი ამ გამოფენაზე - ძალიან მასშტაბურად, 40-მდე კომპანია სამ პავილიონში იქნება წარმოდგენილი ქართული საექსპორტო პროდუქციით", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
გამოფენაზე საქართველო სამი თემატური: ეროვნული, საკვებისა და სასმელების და სამომხმარებლო პროდუქციის პავილიონითაა წარმოდგენილი. წელს პირველად, გამოფენის ფარგლებში ქართული და ჩინური კომპანიების შეხვედრების მიზნით, სპეციალური ღონისძიება გაიმართება.
„რაც წლევანდელ გამოფენას განასხვავებს ქართული კომპანიებისთვის, ეს არის სპეციალური ღონისძიება, რომელიც გამოფენის ფარგლებში იქნა ორგანიზებული, სადაც ქართველ ექსპორტიორებს და ჩინელ იმპორტიორებს საშუალება ექნებათ, რომ უშუალო, პირდაპირი, საქმიანი კომუნიკაცია დაამყარონ" - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
სხვა სიახლეები
05.11.2026.16:20
ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ 2026 წლის კომუნიკაციის თანმხლები დოკუმენტი - „საქართველოს 2026 წლის ანგარიში“ (Georgia 2026 Report) გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა, ფინანსური სექტორის რეგულირების საკითხები, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა და საბანკო სექტორში არსებული ვითარებაა შეფასებული. ანგარიშში საუბარია - საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა და დამოუკიდებლობაზე, ფინანსური მომსახურების სფეროში პროგრესზე, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობასა და ახალი რეგულაციებზე, საქართველოს საბანკო სექტორის ტენდენციებზე:
• საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მთავარი მიზანი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა, რაც შეესაბამება ევროკავშირის მონეტარული პოლიტიკის საკანონმდებლო ჩარჩოს. 2026 წლის მარტში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეკომენდაციების შესაბამისად, მიღებულ იქნა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც ითვალისწინებს უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებსა და აღმასრულებელ დირექტორს შორის. ასევე, ხელახლა განისაზღვრა ზედამხედველობის შესაბამისი სფეროები და გაუმჯობესდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცედურები. თუმცა, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად საჭიროა შემდგომი პროგრესი საბჭოს წევრების საკვალიფიკაციო კრიტერიუმების გაუმჯობესებისა და გადაწყვეტილებების მიღების კოლეგიალური მოდელის დანერგვის მიმართულებით.
• საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ უფრო გააღრმავა ანგარიშგების სისტემების ინტეგრაცია ევროპოლის ევროს გაყალბებასთან ბრძოლის ცენტრალურ ოფისთან და შემოიღო ახალი რეგულაციები სტეიბლკოინებისა და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებისთვის, რათა ისინი შესაბამისობაში მოეყვანა კრიპტოაქტივების ბაზრების შესახებ ევროკავშირის 2023/1114 რეგულაციით დადგენილ შესაბამის წესებთან.
• საქართველოს საბანკო სექტორი კვლავ მდგრადია, თუმცა სავალუტო რისკების მიმართ მოწყვლადობა გამოწვევად რჩება. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის აპრილში საბანკო სისტემის კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი 22.2%-ს შეადგენდა. ბანკების უმეტესობა კვლავ მაღალი მომგებიანობით გამოირჩეოდა, ხოლო კაპიტალზე უკუგების (ROE) აგრეგირებულმა მაჩვენებელმა 21.9%-ს მიაღწია. მთლიანად სექტორის აქტივების ხარისხი კვლავ მაღალია, ხოლო უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში პრაქტიკულად უცვლელი დარჩა და დაბალ, 2.6%-იან დონეზე შენარჩუნდა. როგორც აქტივების, ისე ვალდებულებების მაღალი დოლარიზაცია საბანკო სისტემის სტრუქტურულ სისუსტედ რჩება, თუმცა ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით ბანკებს უცხოურ ვალუტაში საკმარისი ბუფერები აქვთ. საანგარიშო პერიოდში უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების წილი ძირითადად სტაბილური იყო და 2026 წლის აპრილში 39.4%-ს შეადგენდა. დეპოზიტების დოლარიზაციის დონე სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელზე მაღალია, თუმცა ბოლო 12 თვის განმავლობაში 3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 48.6% შეადგინა. 2026 წლის აპრილში საკრედიტო ზრდა კვლავ მაღალი, 13.6% იყო, ამასთან, შინამეურნეობების დაკრედიტების ზრდა კორპორაციული სესხების ზრდას აღემატებოდა. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მცირე ბიზნესისთვის კვლავ გამოწვევად აღიქმება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მდგომარეობა გაუმჯობესდა.