რაც უფრო ინფორმირებულია მომხმარებელი, ის იღებს ყველაზე რაციონალურ და საუკეთესო გადაწყვეტილებას და ირჩევს იმ კონკრეტულ შეთავაზებას, რომელიც ყველაზე მომხიბვლელია მისთვის - შოთა ბერეკაშვილი ekalata.gov.ge-ზე
რაც უფრო ინფორმირებულია მომხმარებელი, ის იღებს ყველაზე რაციონალურ და საუკეთესო გადაწყვეტილებას და ირჩევს იმ კონკრეტულ შეთავაზებას, რომელიც ყველაზე მომხიბვლელია მისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა პლატფორმა ekalata.gov.ge-ზე საუბრისას.
მისივე თქმით, თუკი ერთი კვირის წინ საუკეთესო ჩეკი 13 პროდუქტზე იყო 43 ლარი, დღევანდელ დღეს ის ჩამოვიდა 37,72 ლარზე და 10%-იანი შემცირებაა კონკურენციის პირობებში.
„ეს პლატფორმა კარგია, რადგან ინფორმირებულობა და გამჭვირვალობა დადებითად მოქმედებს კონკურენციაზე, კონკურენციის ხარისხი მნიშვნელოვნად მაღლდება და მომხმარებელი იღებს საუკეთესო ფასს.
მოკლევადიან პერიოდში სწორედ ეს ბერძნული მოდელის დანერგვა გახდა ყველაზე ეფექტური, რადგან ეს ეყრდნობა სწორედ ისეთ პრინციპებს, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, რომ საუკეთესო ფასი მიიღოს.
საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ ვფიქრობთ,რომ უნდა მოხდეს კომერციული ურთიერთობების სტანდარტიზება. ეს გულისხმობს, რომ ფასი, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ დახლზე, არ არის ერთ კომპონენტიანი, ის შედგება სამი კომპონენტისგან და ჩვენ გვინდა, რომ შეიქმნას კომერციული ურთიერთობების ჩარჩო, რომელიც დაალაგებს ურთიერთობებს ამ სამ მონაწილე მხარეს შორის“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
სხვა სიახლეები
ამბროლაურის აეროპორტი „ფუძეობას“ განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდება
25.08.2026.12:16
27 აგვისტოს ამბროლაურში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, სახალხო დღესასწაული „ფუძეობა 2026“გაიმართება, რომლის ერთ-ერთი პარტნიორი წელს პირველად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან“ ერთად, ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტია.
წლევანდელ ღონისძიებას ამბროლაურის აეროპორტი განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდება. პატარებისთვის სპეციალური საბავშვო სივრცე მოეწყობა, სადაც სტუმრებს სხვადასხვა აქტივობა, თამაში და გასართობი პროგრამა ელოდებათ.
ღონისძიება მდინარე კრიხულას სანაპიროზე, მახალდიანის ქუჩაზე, 15:00 საათზე დაიწყება. „ფუძეობა 2026“-ის მთავარი გზავნილია - „დაუბრუნდი შენს ფუძეს“. დღესასწაულის მიზანი საკუთარ ფუძესთან, მშობლიურ გარემოსა და ტრადიციებთან დაბრუნების იდეის წარმოჩენა და რაჭის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.
ფესტივალის ფარგლებში, 15:00-დან 19:00 საათამდე, სტუმრებს ღვინისა და კვების სივრცეები, ლორის პავილიონი, ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და საბავშვო გასართობი სივრცე დახვდებათ.
16:30-დან 19:00 საათამდე გაიმართება ადგილობრივი მუსიკალური და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. 18:00 საათზე კი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებსა და სხვადასხვა სფეროში დამსახურებულ მოღვაწეებს დააჯილდოებენ.
საღამოს პროგრამა 19:30 საათზე ჯგუფ „ურსას“ კონცერტით , ხოლო 21:00 საათიდან DJ-ის მონაწილეობით გაგრძელდება.