რაც უფრო მეტი კომპანია დაუახლოებს ბიზნესსაქმიანობას ევროკავშირის სტანდარტებს, მეტად გაიზრდება ეკონომიკისა და კომერციის მასშტაბები - სილქნეტი
კანდიდატობის სტატუსის პარალელურად რეფორმებში თანმიმდევრულობის აუცილებლობაზე საუბრობს კომპანია „სილქნეტის“ სტრატეგიული განვითარებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის ოფიცერი, ილია ენუქაშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ასეთი მიდგომის შემთხვევაში საქართველოს ბიზნესგარემოსა და ქართული კომპანიების სანდოობა კიდევ უფრო გაიზრდება.
„რაც უფრო მეტი კომპანია დაუახლოვებს ბიზნესსაქმიანობას ევროკავშირის სტანდარტებს, მით მეტად გაიზრდება ეკონომიკის და კომერციის მასშტაბები. ევროკავშირთან ინტეგრაციის და ჰარმონიზაციის პროცესი სტატუსის მიღებამდე ბევრად ადრე დაიწყეს ცალკეულმა კომპანიებმა. მათ შორისაა „სილქნეტი“. კომპანიის მიერ გადადგმულმა თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა, საერთაშორისო ინსტიტუციების აღიარება მოუტანა „სილქნეტ“ს, როგორც ტექნოლოგიური განვითარების, ისე ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით“, - ამბობს Business Insider Georgia-სთან „სილქნეტის“ სტრატეგიული განვითარებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის ოფიცერი.
ილია ენუქაშვილი ამბობს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას „სილქნეტმა“ თბილისის ცენტრალურ უბნებში 5G ტექნოლოგიის გაშვება დაუკავშირა.
„სილქნეტი“ ყოველთვის იყო ნოვატორი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და ახლაც პირველია, ვინც მომავლის ტექნოლოგიებს ნერგავს მომხმარებლისთვის, ის რაც ბევრ ევროპულ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. ორი დღის წინ კი, მსოფლიო ბანკისა და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის (RSF) მიერ დაწესებული ჯილდო BARTA 2023 მიენიჭა სილქნეტს - საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობისთვის. ასეთი აღიარება ზრდის კომპანიის მდგრადობას“, - აცხადებს ილია ენუქაშვილი.
„სილქნეტის“ სტრატეგიული განვითარებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის ოფიცერი ჩვენთან ინტერვიუში არ მალავს, რომ სატელეკომუნიკაციო სფეროში ევროკავშირთან რეგულაციების ჰარმონიზაციის პროცესი ხარვეზების გარეშე არ მიმდინარეობს. თუმცა ენუქაშვილი დარწმუნებულია, რომ სექტორი და ზოგადად ქართული ეკონომიკა გაცილებით მეტად მიმზიდველი იქნება ინვესტიციებისთვის, თუ ქვეყანას ჭეშმარიტად ევროპულის მსგავსი საკანონმდებლო ბაზა და რეგულაციები ექნება.
ევროპული მომავლის გზაზე წინ მოლაპარაკებების გახსნის ეტაპია, ეს კი საქართველოსგან დამატებით ნაბიჯებს ითხოვს, ნაბიჯებს რომელიც ქვეყანას ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობამდე მიიყვანს! ამისთვის კი საქართველოს წინ სრული ერთი წელი აქვს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826