რაზე ისაუბრა ლევან დავითაშვილმა დავოსში Bank of America-ს დელეგაციასთან
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მსხვილი ამერიკული საფინანსო ინსტიტუტის Bank of America - ს დელეგაციას შეხვდა, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებსა, მათი დაძლევის გზებსა და ახალ პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნის საფინანსო სექტორში არსებულ მდგომარეობაზე, ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესსა და შესაძლებლობებზე. აღინიშნა, რომ ქვეყანას აქვს განვითარებული, მომგებიანი და მაღალლიკვიდური საბანკო სექტორი, ამავე დროს, ახორციელებს სტრუქტურულ რეფორმებს კაპიტალის ბაზრის განვითარების, საქართველოს საფინანსო ჰაბად ჩამოყალიბების და სხვა მრავალი მიმართულებით, რაც ასევე დამატებით პოტენციალს და სარგებელს ქმნის აღნიშნული სექტორის შემდგომი განვითარებისა და დივერსიფიკაციისთვის.
ვიცე-პრემიერმა Bank of America - ს დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით მოიწვია, რომლის დროსაც შესაძლებელი იქნება ქვეყანაში არსებული ტენდენციების და შესაძლებლობების შესწავლა, ასევე შეხვედრების ჩატარება ადგილობრივი საჯარო და კერძო უწყებების წარმომადგენლებთან.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826