რეფინანსირების განაკვეთის ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირებას მივესალმები - ლადო პაპავა
„მიუხედავად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ერთი შეხედვით, მცირე 0.25%-იანი კლებისა, მე ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება,“ - ამის შესახებ აკადემიკოსმა, ლადო პაპავამ განაცხადა.
მისი თქმით, როცა გლობალურად მოვლენების განუსაზღვრელობა მაღალია, ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.
„ძალიან მნიშვნელოვანია როგორი იქნება ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკა. როცა ინფლაციას კლების ტენდენცია აქვს და სახეზე გვაქვს დეზინფლაცია, დეზინფლაციის პირობებში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს როგორც წესი, ამცირებენ.
ახლა რეფინანსირების განაკვეთი 0.25%-ით შემცირდა და ეს არ არის პირველი შემთხვევა. თუმცა, შეიძლება ზოგიერთს მოეჩვენოს, რომ ეს მცირედია. დღეისათვის განუსაზღვრელობა ძალიან მაღალია. არავინ არ იცის გლობალურად პროცესები როგორ წარიმართება, რუსეთ-უკრაინის ომი როდის და როგორ დასრულდება და ასე შემდეგ.“-აღნიშნა ლადო პაპავამ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები არის სასიკეთო, მოქმედება მონეტარულ განაკვეთთან დაკავშირებით მაინც უნდა იყოს ფრთხილი.
„მე ამ გადაწყვეტილებას, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდეს რეფინანსირების განაკვეთი, მივესალმები. რადგან მკვეთრი კლების შემდეგ თუკი შემოდგომში არასასურველი მოვლენები განვითარდა, მკვეთრი მატება უფრო მეტად დააზარალებს როგორც კომერციულ ბანკებს ისე მთლიანად ბიზნესს,“-აღნიშნა ლადო პაპავამ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826