რეგიონულ ენერგეტიკულ დაკავშირებადობას ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების ქვაკუთხედად მივიჩნევთ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ფართო რეგიონული ენერგეტიკული სივრცის განვითარებაში - მარიამ ქვრივიშვილი
„ჩვენი გრძელვადიანი ამბიციაა, 2036 წლისთვის საქართველოს დადგმული გენერაციის სიმძლავრე 2,5-ჯერ გაიზარდოს და, ასევე, არსებითად გავზარდოთ ელექტროენერგიის ექსპორტისა და ტრანზიტის შესაძლებლობები, რასაც ხელს შეუწყობს ახალი საერთაშორისო დაერთებები, ენერგიის დაგროვების სისტემები და ინოვაციური ტექნოლოგიები" - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „სარტყელისა და გზის" მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტერიალზე, რომელსაც ჩინეთის ქალაქი ცინგტაო მასპინძლობს, მარიამ ქვრივიშვილმა მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მუშაობს საკუთარი, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის როლის გაძლიერებასა და ამ ფუნქციის ელექტროენერგიის გადაცემისა და ტრანზიტის მიმართულებით გაფართოებაზე.
„რეგიონულ ენერგეტიკულ დაკავშირებადობას ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების ქვაკუთხედად მივიჩნევთ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ფართო რეგიონული ენერგეტიკული სივრცის განვითარებაში. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველომ თავი დაიმკვიდრა, როგორც ნახშირწყალბადების რესურსების საიმედო სატრანზიტო ქვეყანამ. ამჟამად ვმუშაობთ, რომ ეს როლი ელექტროენერგიის გადაცემისა და ტრანზიტის მიმართულებითაც გავაფართოოთ. ამ კუთხით, საქართველო პარტნიორებთან ერთად სამ სტრატეგიულ ინიციატივას ავითარებს: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს, მწვანე ენერგიის დერეფანსა და მწვანე ელექტროენერგიის სახმელეთო დერეფანს, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობით ვითარდება", - განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა.
მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ კონკრეტული პროგრესი უკვე მიღწეულია და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს ევროკომისიის მიერ მიენიჭა ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი, დამტკიცდა „მწვანე ენერგიის დერეფნის" ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, ხოლო სულ ახლახან, აზერბაიჯანმა, საქართველომ, თურქეთმა და ბულგარეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას სუფთა ენერგიის სფეროში, რომელიც მწვანე ელექტროენერგიის სახმელეთო დერეფნის განვითარებას ისახავს მიზნად.
„ამ პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად გააფართოებს რეგიონული ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის შესაძლებლობებს, მოახდენს მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას და განამტკიცებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მთელ რეგიონში. ის ასევე კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის როლს",- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826