რეინვესტირება საუკეთესო ინდიკატორია ახალი ინვესტორებისთვის, რომ რაზეც ჩვენ ვესაუბრებით და ვთავაზობთ, რეალობას წარმოადგენს - ირაკლი ნადარეიშვილი
რეინვესტირება საუკეთესო ინდიკატორია ახალი ინვესტორებისთვის, რომ რაზეც ჩვენ ვესაუბრებით და ვთავაზობთ, რეალობას წარმოადგენს, - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.
მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ დავოსის ეკონომიკური ფორუმის შედეგებზე პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს, თუმცა, მისი აზრით, ამ შეხვედრებს მნიშვნელოვანი გაგრძელება ექნება ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტექნოლოგიები და ლოგისტიკა.
„მიმართულებები საკმაოდ დივერსიფიცირებულია, ვფიქრობ, რომ იქნება საინტერესო მიმართულება ენერგეტიკის თვალსაზრისით, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებები და ლოგისტიკა. შეჯამებას გააკეთებენ პრემიერ-მინისტრის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გუნდი კი გავაგრძელებთ მუშაობას ყველა იმ კომპანიასთან, რათა შეხვედრების შემდგომი ეტაპზე უკვე სამუშაო რეჟიმში გადავიტანოთ და წლის განმავლობაში ვიმუშაოთ მათთან, რათა უფრო მეტად დავაინტერესოთ, ჩამოვიყვანოთ საქართველოში, ვაჩვენოთ ის, რაზეც ველაპარაკებით და რასაც ვთავაზობთ საინვესტიციო შეთავაზების თვალსაზრისით.
გარდა იმისა, რომ 2022-2023 წლებში ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებლები გვქონდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია რეინვესტირების მაჩვენებელი. თუ 2018-2022 წლებში მათი წილი ინვესტიციებში 22% იყო, ეს ნიშნავს, რომ მოლოდინმა, რაც ინვესტორებს ჰქონდათ საქართველოში შემოსვლისას, გაამართლა და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას გაფართოების და შემდგომი ინვესტირების შესახებ. ეს საუკეთესო ინდიკატორია ინვესტორებისთვის, რომ რაზეც ჩვენ ვესაუბრებით და რასაც ვთავაზობთ, რეალობას წარმოადგენს და ნამდვილად არის მათთვის საინტერესო “, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826