რეკორდულ ნიშნულზეა ჩვენი სავალუტო რეზერვები, ძალიან მყარია ლარის კურსი, ინფლაციური პროცესები სწორად რეგულირდება, მონეტარული, ფისკალური პოლიტიკის კუთხით, ეროვნული ბანკის საქმიანობა არის ძალიან წარმატებული - პრემიერი
თავიდან ბოლომდე ვენდობი ეროვნული ბანკის საქმიანობას, გამომდინარე იმ ორწლიანი გამოცდილებიდან, რომელიც გვაქვს ჩვენ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის კუთხით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოვიდა სათავეში ახალი ხელმძღვანელობა ნათია თურნავასა და ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი შემადგენლობის სახით, ძალიან დიდი წარმატებით მუშაობს.
„რეკორდულ ნიშნულზეა ჩვენი სავალუტო რეზერვები. მარტო ბოლო თვეში, იანვრის განმავლობაში 141 მილიონი დოლარით შეივსო ჩვენი სავალუტო რეზერვები. იცით, რომ ძალიან მყარია ლარის კურსი, ინფლაციური პროცესები სწორად რეგულირდება. ჩვენ შარშან გვქონდა 4 პროცენტი ინფლაცია, შარშანწინ გვქონდა 1,9 პროცენტი ინფლაცია, საშუალო მაჩვენებელი იყო 3 პროცენტზე ნაკლები, რაც არის ზღვრის ფარგლებში. მე ზოგადად ვაფასებ ეროვნული ბანკის საქმიანობას ყველა მიმართულებით, როგორც რეზერვების მიმართულებით, ასევე ლარის კურსის მიმართულებით, ზოგადად მონეტარული, ფისკალური პოლიტიკის კუთხით, ეროვნული ბანკის საქმიანობა არის ძალიან წარმატებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
ვენჩურული ფონდების არსებობა მნიშვნელოვანია საქართველოში სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისთვის - შოთა ბერეკაშვილი
06.10.2026.20:36
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ვენჩურულ საინვესტიციო ფონდში - „500 Georgia, L.P." მონაწილეობასთან დაკავშირებული 2025 წლის ანგარიში მოისმინა.
აღნიშნული საკითხი კომიტეტის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გააცნო.
მომხსენებლის ინფორმაციით, 2025 წელს ფონდმა 1.8 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია 18 სტარტაპში განახორციელა. დაფინანსებული სტარტაპები ინდუსტრიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: 33% - ხელოვნური ინტელექტის, 22% - პროგრამული უზრუნველყოფის, დაახლოებით 45% - სხვა ინდუსტრიების მიმართულებით.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ფონდის მთავარი ამოცანა ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაა. მისი თქმით, „500 Georgia, L.P." დახურული საინვესტიციო ფონდია, რომელსაც წინასწარ განსაზღვრული ვადა აქვს - 10 წელი. ამ ვადის გასვლის შემდეგ ფონდი თვითლიკვიდაციას განახორციელებს.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, ფონდის ჯამური სამიზნე ზომა 20 მილიონი დოლარია. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წილობრივი მონაწილეობა ფონდის ჯამური კაპიტალის 40%-ს არ აღემატება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, ვენჩურული ფონდების არსებობა მნიშვნელოვანია საქართველოში სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისთვის.
„გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ფონდი არაერთ წარმატებულ პროექტს განახორციელებს. წარმატებული პროექტების განხორციელება საქართველოში ახალი ვენჩურული ფონდების განვითარებისთვის კარგი საფუძველი იქნება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას", – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.