რეკორდულად გაიზარდა ელექტროენერგიის გამომუშავება და მისი ექსპორტი, აღნიშნული ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდება - რომეო მიქაუტაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ ტრადიციულად, ახალი წელი საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის, ენერგეტიკის სექტორის თანამშრომლებს სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩეროდან მიულოცა, საიდანაც იმართება ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი.
მინისტრის პირველი მოადგილემ მადლობა გადაუხადა ცენტრალური სადისპეტჩეროს თანამშრომლებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფენ ქვეყნის უწყვეტ ელექტრომომარაგებას.
„საქართველოს ელექტროსისტემის ცენტრალური სადისპეტჩეროდან მინდა მივულოცო ახალი წელი სრულიად საქართველოს, თითოეულ მის მოქალაქეს და მათ მშვიდობა და კეთილდღეობა ვუსურვო. 2023 წელი საქართველოს ენერგეტიკაში განსაკუთრებით წარმატებული იყო. მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, რეკორდულად გაიზარდა როგორც ელექტროენერგიის გამომუშავება, ისე მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი ექსპორტი, რამაც დარგში წარმოშვა დამატებითი დოვლადი და ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. აღნიშნული ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდება. მთავრობის დეკლარირებული პოლიტიკაა განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალური ათვისება და ენერგოქსელში ინტეგრირება, რაც გააუმჯობესებს როგორც ქვეყნის ენერგომომარაგებას, ასევე გაზრდის მის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას," - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში 24-საათიან ცვლაში მომუშავე დისპეტჩერები ახორციელებენ მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან ოპერატიულ მოლაპარაკებებს; ელექტროსადგურების, ქვესადგურების და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ოპერირებას ნორმალურ და ავარიულ სიტუაციებში; ელექტროსადგურებში სიმძლავრის ბალანსების კონტროლს და ექსპორტ-იმპორტის გრაფიკების დაცვასა და მონიტორინგს.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მომუშავე დისპეტჩერებს რომეო მიქაუტაძესთან ერთად, ახალი წლის დადგომა მიულოცეს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826