რეზერვების დაგროვება, სხვა ფაქტორებთან ერთად, S&P-ის მიერ 7 აგვისტოს საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურიდან პოზიტიურამდე გადახედვის ერთ-ერთი საფუძველი იყო - TBC Capital
საბაზო სცენარი ნარჩუნდება, თუმცა ძლიერდება ორმხრივად მოქმედი ფაქტორები
დაახლოებით ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი გასულ დღეებში კვლავ გამწვავდა, რასაც მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე მერყეობის მორიგი ზრდა მოჰყვა. როგორც თიბისი კაპიტალის წინა განახლებაში იყო მითითებული, ესკალაციის ძირითადი ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკის კონტექსტში ინფლაციაზე მოდის და არა ეკონომიკურ ზრდაზე. ამ მხრივ, ყურადსაღებია, რომ ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა სამი სექტემბრისთვის 97 აშშ დოლარს მიაღწია, რაც ივლისის შემდგომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, განვითარებულ ეკონომიკებში მკვეთრად გაიზარდა განსაკუთრებით გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები, რასაც ნავთობის გაძვირებით გამოწვეული ინფლაციური რისკები და ცენტრალური ბანკების მიერ პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინები განაპირობებს. ეს მიუთითებს, რომ არსებული შოკი ბაზრების მხრიდან უკვე ნაკლებად აღიქმება მოკლევადიანად, რაც, თავის მხრივ, ე.წ. მეორე რიგის ეფექტების რისკს ზრდის.
ამ ფონზე, წინასწარი შეფასებით, ივლისში წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 8.0% შეადგინა, რაც მცირედით მაღალია, ვიდრე ამას თიბისი კაპიტალის 7.4%-იანი საბაზო სცენარი მოიაზრებს. იანვარ-ივლისში საშუალო ზრდა 7.9% იყო. ამავე დროს, მთლიანი და არარეზიდენტთა უნაღდო ხარჯები - რომლებიც, შესაბამისად, ეკონომიკური აქტივობისა და ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზისთვის გამოიყენება - აგვისტოში კვლავ აჩქარებულია, განსაკუთრებით არარეზიდენტების შემთხვევაში, რაც თანხვედრაშია საქართველოს აეროპორტებში საჰაერო მიმოსვლის მზარდ დინამიკასთანაც.
თავის მხრივ, აგვისტოში წლიური ინფლაცია თითქმის არ შეცვლილა და 5.6%-ს გაუტოლდა. ფასები მეტად გაიზარდა თვიურ ჭრილში, დიდწილად ბენზინისა და დიზელის ხარჯზე, რომელთა კონტრიბუციაც სეზონურად შესწორებულ თვიურ ინფლაციაში (0.4%, გაწლიურებული 5.0%) თითქმის 50% იყო. ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის განახლების ფონზე, საწვავი, რომელიც ივლისის დასაწყისში მცირედით გაიაფდა, გაძვირებას განაგრძობს. რაც შეეხება წლიური ინფლაციის კომპონენტებს, ჯამური მაჩვენებლის თითქმის ნახევარი ხუთ პროდუქტზე მოდის - ბენზინზე, ელექტროენერგიის ტარიფზე, ძროხის ხორცზე, პურსა და დიზელზე.
ნავთობის ფასის პარალელურად, ივლისში, ორთვიანი კლების შემდეგ, გაიზარდა სურსათის გლობალური ფასებიც. ჯერჯერობით, აღნიშნული დინამიკა სრულ თანხვედრაშია თიბისი კაპიტალის საბაზო სცენართან, რომელიც დეკემბრისთვის წლიურ ინფლაციას 6%-იან ნიშნულზე მოიაზრებს. მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეებში ინფლაცია მცირედით შემცირდება, მათ შორის პურის ფასთან დაკავშირებული საბაზო ეფექტის შედეგად, დეკემბერში კი საბაზო ეფექტი უკვე საპირისპირო მიმართულებით იმოქმედებს. აღსანიშნავია, რომ საბაზო სცენარი წლის დარჩენილ პერიოდში ნავთობის გარკვეულწილად გაიაფებას მოიაზრებს. იმ შემთხვევაში, თუ ფასები უცვლელი დარჩება ან გაძვირდება, ინფლაციის პროგნოზი, შესაძლოა, დამატებით გაიზარდოს. მეორე მხრივ, თუ ბირჟებზე ფასები მკვეთრად შემცირდა - ივნისის მსგავსად - შემცირდება ინფლაციური ზეწოლაც.
ამასთან, თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარად 9 სექტემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად 8.25%-ზე დატოვება რჩება, თუმცა პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტები, წინა სხდომასთან შედარებით, უფრო ძლიერია. საბაზო სცენარი წლის დარჩენილ პერიოდში მნიშვნელოვან დიზინფლაციას არ ითვალისწინებს, უცხოური საპროცენტო განაკვეთების ზრდა კი ადგილობრივ და უცხოურ განაკვეთებს შორის დიფერენციალს ამცირებს. ერთი მხრივ, როგორც ზემოთ აღინიშნა, ინფლაციის ზრდას დიდწილად რამდენიმე პროდუქტი განაპირობებს, უფრო ხისტი მაჩვენებლები კი მეტწილად ზომიერი წნეხის არსებობაზე მიუთითებს. მეორე მხრივ, გლობალურად იზრდება ე.წ. მეორე რიგის ეფექტების რისკი, ეს ფაქტორი კი მაისში სებ-მა პოლიტიკის გამკაცრების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად დაასახელა. როგორც თიბისი კაპიტალი ივლისის მიმოხილვაში მიუთითებდა, საერთაშორისო ბაზრებზე ინფლაციური წნეხის გაძლიერების შემთხვევაში, გამორიცხული არც 8.5%-მდე დამატებითი ზრდაა. მიმდინარე ესკალაცია, შესაძლოა, სწორედ ასეთი შემთხვევა იყოს. თუმცა, არსებული გაურკვევლობის პირობებში, რთულია შეფასება, თუ რა საბოლოო ნიშნულზე ჩამოყალიბდება სასაქონლო პროდუქციის ფასები, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ამ ეტაპზე პროცესებზე შემდგომი დაკვირვება გაგრძელდება.
აგრეთვე, ივლისში დამატებით გაიზარდა უცხოური ვალუტის წმინდა შემოდინებები. 2025 წელს დაფიქსირებული 30.1%-დან, მიმდინარე წლის 7 თვეში სავაჭრო დეფიციტი მშპ-ის 26.4%-მდე შემცირდა, რასაც მკვეთრად გაზრდილი სასაქონლო ექსპორტი და იმპორტის კვლავ ზომიერი დინამიკა განაპირობებდა. მეორე კვარტალში, თიბისი კაპიტალის შეფასებით, კიდევ უფრო გაუმჯობესდა სეზონურად შესწორებული მიმდინარე ანგარიშის ბალანსი რეინვესტიციების გამორიცხვით, რომელმაც 2026 წლის პირველ კვარტალში პროფიციტი დააფიქსირა, დადებითი დინამიკა კი მესამე კვარტალშიც გრძელდება. ამ ფონზე, ჩვენი შეფასებით, ლარი ჯერ კიდევ წონასწორულ ნიშნულზე სუსტი რჩება - როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან ჭრილში. ამ ეტაპზე, ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი უცვლელია: წლის ბოლოს ერთი დოლარი 2.60-2.65 ლარის ფარგლებშია მოსალოდნელი. თუმცა, როგორც წინა მიმოხილვაშიც იყო მითითებული, მიმდინარე ტენდენციები უფრო ძლიერი ლარის სცენარისკენ იხრება.
ძლიერი შემოდინებების პარალელურად, მოსალოდნელია, რომ სებ-ის მხრიდან უცხოური ვალუტის შესყიდვები გაგრძელდება. სებ-ის მონაცემებით, ივლისის ბოლოს საერთაშორისო რეზერვები საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) რეზერვების შესაბამისობის ნორმის (ARA) 118.7%-ს შეადგენდა, რაც 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ივლისში სავალუტო შესყიდვებმა 488 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, წლის პირველ შვიდ თვეში კი შესყიდვები 2.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. რეზერვების დაგროვება, სხვა ფაქტორებთან ერთად, S&P-ის მიერ 7 აგვისტოსსაქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურიდან პოზიტიურამდე გადახედვის ერთ-ერთი საფუძველი იყო. სააგენტოს შეფასებით, საგარეო ბუფერების შემდგომი გაძლიერება სამომავლოდ, შესაძლოა, რეიტინგის გაზრდის ერთ-ერთი წინაპირობა გახდეს. ამ ფონზე, სებ-მა აგვისტოში ლარის ლიკვიდობის შემცირების ინსტრუმენტები აამოქმედა, როგორებიცაა სახაზინო ფასიანი ქაღალდების პორტფელის გაყიდვა და სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვება. თავის მხრივ, საყურადღებოა, რომ აღნიშნული ქაღალდების ნაწილი არარეზიდენტებმა შეიძინეს, რის შედეგადაც არარეზიდენტების წილი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელებში 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა, აშშ-ში ობლიგაციების მზარდი შემოსავლიანობის მიუხედავად.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის , გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი
04.09.2026.10:18
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა და იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა ჰიდეტო კავასაკიმ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ".
მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიზანია ქვეყანაში თანამედროვე, უსაფრთხო და ინოვაციური ციფრული ეკოსისტემის განვითარება, რომელიც მოიცავს როგორც სახელმწიფო სერვისების შემდგომ გაუმჯობესებას, ასევე ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებას და საჯარო და კერძო სექტორებს შორის უფრო აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობას.
"ამ პროცესში ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია ისეთი ქვეყნის გამოცდილება, როგორიც იაპონიაა, რომელსაც მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს როგორც ციფრული მმართველობის, ისე მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებისა და მათი ეკონომიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში ინტეგრირების მიმართულებით," - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მხარეებს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორი ქვეყნის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ციფრული ტექნოლოგიების სფეროში. განისაზღვრა კონკრეტული მიმართულებები, პროექტები და აქტივობები, რომლებზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო იმუშავებენ. აღინიშნა, რომ საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების 2025–2030 წლების სტრატეგიის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ციფრული მმართველობისა და მოქალაქეზე ორიენტირებული ციფრული საჯარო სერვისების შემდგომი განვითარება წარმოადგენს. ამ მხრივ კი ისეთი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, როგორიცაა იაპონია, ძალიან მნიშვნელოვანია.