როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, საქართველო გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში - მარიამ ქვრივიშვილი
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ საქართველოს ეკონომიკის ყველა მიმართულება, ყველა სექტორი თანმიმდევრულად და მდგრადად იზრდებოდეს" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის კომენტირებისას.
სსფ-ს ანგარიშის თანახმად, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი,აპრილის პროგნოზთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და 6.5% შეადგინა. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოსადმი ნდობა ასევე მზარდია და ჩვენს ქვეყანას ანალოგიურად აფასებენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკის სექტორული განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად არაერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას ახორციელებს და მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო სექტორთან, ასევე მუშაობს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდის დინამიკაზე.
„რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის - როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, ჩვენი ქვეყანა ამ პოლიტიკის შედეგად გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ 2026 წელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მორიგი წარმატების წელი, რაც უზრუნველყოფს წლის ბოლოს კიდევ ერთ წარმატებას ეკონომიკურ ზრდის მიმართულებით, გვექნება კიდევ უფრო მეტად ხელშესახები შედეგები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელშესახები შედეგები გვექნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის და ამ კეთილდღეობის ზრდის მიმართულებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
სხვა სიახლეები
ოპერატორ კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკზე, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება - მარიამ ქვრივიშვილი
11.06.2026.20:00
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სვანეთში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის მოსაწესრიგებლად. მინისტრის განცხადებით, ოპერატორ კომპანიასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა სვანეთის სწრაფი გამრიცხველიანებისთვის, რაც უმნიშვნელოვანესი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც უშუალოდ რეგიონის, ასევე მთელი ქვეყნისთვის.
„ორი მიმართულებით მიმდინარეობს პროცესი: ერთი მხრივ, ადგილზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში აქვეყნებს პროგრესს არალეგალური მაინინგის გამოვლენის ფაქტების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, უშუალოდ ენერგეტიკული თვალსაზრისით ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ოპერატორთან, რომელთან ერთადაც ვსაზღვრავთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკს იმისთვის, რომ დაუყონებლივ და ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი, წინ გადადგმული ნაბიჯი, უპირველესად, სვანეთისთვის და ზოგადად, მთელი საქართველოსთვის" - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენა, რადგან არსებული მდგომარეობა გავლენას ახდენს სამომხმარებლო ტარიფზე.
„საქართველოს მთავრობამ საკმაოდ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც, ერთი მხრივ თქვა, რომ შენარჩუნდება არსებული სატარიფო პოლიტიკა, მაგრამ, მეორე მხრივ, უზრუნველვყოფთ ელექტროენერგიის მოხმარების ზედა ზღვრის არსებობის მოწესრიგებას იმისთვის, რომ გავმიჯნოთ საჭიროება, რომელიც უშუალოდ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას აქვს, ასევე სასტუმროებს, განთავსების ობიექტებსა და სხვა ბიზნეს მეწარმეებს, მაგრამ, ამავდროულად, რა თქმა უნდა, ცალსახად გასამიჯნია ელექტროენერგიის ის არალეგალური და უკანონო მოხმარება, რომელიც, თავის მხრივ,მაინინგს გულისხმობს" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.